ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ნორი დამარცხებულია - ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში გავიდა

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ ფინალში გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში კემერონ ნორი დაამარცხა და ბრიტანელ მეტოქეს 4 სეტში სძლია - 2:6, 6:3, 6:2, 6:4.

ჯოკოვიჩმა „უიმბლდონზე“ 85-ე გამარჯვება მოიპოვა და ჯიმი კონორსს გადაუსწრო. ამ შედეგით, იგი მამაკაცთა შორის მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ლეგენდარულ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც 105 მოგება აქვს. „ნოლე“ დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში 32-ედ გავიდა და კვირას ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება.

„მატჩი კარგად არ დამიწყია და პირველ სეტში ჩემი მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. დიდი სლემის ტურნირებზე უამრავი ნახევარფინალი ჩამიტარებია, მაგრამ კორტზე გასვლა ყოველთვის ძნელია, რადგან ეს დიდი წნეხია და როგორც შენ, ისე სხვებს, დიდი მოლოდინები აქვთ. კემერონს კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა და მან კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა, თუმცა საკუთარ კედლებში თამაში მარტივი არასდროსაა. იგი შესანიშნავი მოთამაშეა, უდიდეს პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ“.

ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ნიკ კირიოსსა და რაფაელ ნადალს უნდა ეასპარეზათ, თუმცა ესპანელმა ჩოგბურთელმა კორტზე გასვლაზე უარი ტრავმის გამო თქვა და ფინალში კირიოსი გავიდა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები