გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

''ლა ლიგის დონის მატჩებისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება ვისწავლე''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''ვალენსიას'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' გასულ სეზონზე ისაუბრა. მისი თქმით, სეზონის საწყის პერიოდში გამოცდილება აკლდა, თუმცა შემდეგ ფიზიკურად უფრო მეტად გაძლიერდა და უმაღლესი დონის მატჩებისთვის ფსიქოლოგიურად მომზადების გამოცდილება მიიღო.

''სეზონის საწყის ექვს ტურში ვითამაშე, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე დამსვეს. პრობლემა მქონდა, რადგან უნდა ავსულიყავი იმ სიმაღლეზე, რომ ლა ლიგა მეთამაშა. პირველი ექვსი თამაში ჩავატარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ ამ დონეზე ასპარეზობისთვის მზად არ ვიყავი. საწყისი 3-4 შეხვედრა იმის ხარჯზე ვითამაშე, რომ დიდი მოტივაცია მქონდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადებისთვის საჭირო გამოცდილება მაკლდა, როგორ შემენახა ძალები და ა.შ. წარმოიდგინე, ''რეალთან'' ვითამაშე და ორ დღეში ''სევილიასთან'' თამაში გვქონდა. შემდეგ ვისწავლე ფსიქოლოგიურად როგორ უნდა მოვემზადო, ფიზიკურადაც მოვუმატე''.

კითხვაზე, ''ვალენსიაში'' გადასვლისას მწვრთნელებმა ყველაზე მეტად რა ნაკლოვანების აღმოფხვრაზე დაიწყეს მასთან მუშაობა, ქართველი მეკარე მენტალიტეტს ასახელებს.

''უპირველესად, მენტალიტეტზე მითხრეს, რომ ცუდი მენტალიტეტი გაქვსო. რომ არ გათამაშებენ, მერე ნებდებიო, ასე არ უნდა მოიქცეო, ვარჯიში უნდა გააგრძელოო, არ იცი შანსი როდის მოგეცემაო. როცა კარში დადგები, უნდა დაამტკიცოო. ჩემი აზრით, ყველაზე რთული სწორედ ესაა''.

ახალ სეზონში ''ვალენსიას'' მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. გასულ სეზონში, ''ღამურებს'' ხოსე ბორდალასი წვრთნიდა, რომელიც ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა შეცვალა.

''გატუზომ დამირეკა, ვესაუბრე. ამიხსნა მოსამზადებელ ეტაპზე რა თამაშები მექნება. კონკურენცია იქნება ისევ ისე, როგორც იყო გასულ სეზონში. მან მითხრა, რომ გასულ სეზონში გრძელი პასებით თამაშობდით, ახალ სეზონში კი მოკლე პასებით ვიასპარეზებთო, ტაქტიკას შევცვლითო''.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლონეთი ან თურქეთი? - ზივზივაძის მიმართ დიდი ინტერესია
პოლონეთი ან თურქეთი? - ზივზივაძის მიმართ დიდი ინტერესია