საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

„ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა“ - შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ პროექტს ეხმაურება, რაც საქართველოს ნაკრების ბრენდირებას გულისხმობს.

არველაძე აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამასთან, Crystalbet ეროვნულ ლიგაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთლების ყოფნასა და მათდამი გულშემატკივრების დამოკიდებულებასაც ეხება.

„მიხარია, რომ მოედანზეც და მოედნის მიღმაც, წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე ერთ დიდ მთლიანობად ქცევა და ერთმანეთის შევსება შეუძლიათ. იქნება ბრენდინგი, ლოგო, დროშა, გერბი თუ ჰიმნი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გულშემატკივრის ხმას და ფეხბურთელების დამოკიდებულებებს აერთიანებდეს. რამდენიმე კვირის წინ, დინამოების თამაშის შემდეგ, მოედანზე მოზარდების შესვლა იყო ერთგვარი ახალი ხმა და გულწრფელი ამოძახილი, რაც ამ დიდი აჟიოტაჟისთვის კარგი ბიძგი აღმოჩნდა. დღეს ჩემპიონატში ხვიჩა და მისი თაობის რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, ხვალ იმედი მაქვს ჩაკვეც აქ იქნება და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი გულშემატკივრისთვის ისევ ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც ეს ერთა ლიგაზე გააკეთა. ვფიქრობ, ის ენერგია, რაც გიოს საქართველოში დახვდება საუკეთესო წახალისება იქნება მისი მოტივაციისთვის და კარიერის შემობრუნებისთვის.

მათი აქ ჩამოსვლა რაღაც ახლის დასაწყისს უნდა ნიშნავდეს. ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა და ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ის ბიჭები და გოგოები არიან, ვინც სტადიონზე კონკრეტული ფეხბურთელის სიყვარულმა და გულწრფელმა ემოციამ მოიყვანა. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო ბრენდინგის ჩამოყალიბების პროცესში - წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე წასასვლელად მშობლების და უფროსების მხრიდან წახალისება აღარ სჭირდებათ, ამ თაობას აქეთ შეუძლია უფროსებისთვის მაგალითად იქცნენ და აქეთ გვატარონ როგორც ჩემპიონატის, ისე ნაკრების თამაშებზე. წარმატებები საქართველოს და წარმატებები ერთად ყველას, ვინც ჩვენს ფეხბურთს აძლიერებს“, - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაში ჩაერთვება. ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება, 5 ივნისს სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს, ასევე სტუმრად ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან ითამაშებს, ივნისის ბოლო მატჩს კი 12-ში, „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მე ვარ საქართველო'' - საქართველოს ნაკრების ჰიმნის პრეზენტაცია
''მე ვარ საქართველო'' - საქართველოს ნაკრების ჰიმნის პრეზენტაცია