ქართველი მორაგბეების წარმატება - ნინიაშვილის და საღინაძის ლიონმა ჩელენჯ თასი მოიგო
ქართველი მორაგბეების, დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონმა“ ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრაში „ტულონი“ დაამარცხა. „ლიონმა“ გადამწყვეტი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მეტოქეს 30:12 სძლია.
დავით ნინიაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესანიშნავად იასპარეზა. ქართველმა მორაგბემ მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ლელოც დადო, თუმცა ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ, მსაჯმა მისი გაუქმება გადაწყვიტა. საღინაძეს რაც შეეხება, მან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა და „ლიონმა“ სულ რაღაც 3 ქულით იმარჯვა. აი, მეორე ტაიმი კი ნინიაშვილისა და საღინაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა. „ლიონმა“ მეტოქეზე 15 ქულით მეტი მოაგროვა და ფინალური შეხვედრა დამსახურებულად მოიგო.