„ნეიმარი ხვიჩასნაირ სამუშაოს ვერ შეასრულებდა“ | სიომინი ახალ და ძველ პსჟ-ზე
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელის გუნდსა და „კვარას“ ასპარეზობაზე ისაუბრა. სიომინს ჰკითხეს, პარადოქსია თუ არა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესისთან, კილიან მბაპესთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა რომ ვერ მოიგო და ამ შემადგენლობით წარმატებას მიაღწია. სიომინის თქმით, ეს კანონზომიერი მოვლენა იყო და მან საკუთარი მოსაზრება არგუმენტებით გაამყარა.
„ლუის ენრიკეს წვლილი უდიდესია. ნასერ ალ-ხელაიფიც უნდა ვახსენოთ, რომელმაც მთავარ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა. ადრე, პარი სენ-ჟერმენი ყველაზე ძვირადღირებულ სუპერვარსკვლავებს იფორმებდა, ახლა კი სხვანაირი ვითარება გვაქვს.
შესაძლოა, სუპერვარსკვლავებს არ სთხოვდნენ ან თავად არ შეეძლოთ, ასეთი სამუშაო გაეწიათ. ნეიმარს არ შეეძლო, იგივე სამუშაო შეესრულებინა, რასაც ხვიჩა ასრულებს. კვარაცხელია 90-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ჩამორბის, მეტოქეს ბურთს ართმევს და წინ მიდის. დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლაც ასეთები არიან. უსმან დემბელემ ძალიან გამაოცა. ის პრესინგისას უდიდეს სამუშაოს ასრულებს და მესი იმავეს ნამდვილად ვერ გააკეთებდა. ფიზიკურად არ შეეძლო.
ძველი პარი სენ-ჟერმენი არასტაბილური გუნდი იყო, რადგან სამი ფეხბურთელი დაცვაში პრაქტიკულად არ თამაშობდა. გუნდი ცდილობდა, 6-7 ფეხბურთელი უკან ყოფილიყო, სამი - წინ. ეს სამი სუპერვარსკვლავი თანაგუნდელებს არ ეხმარებოდა. უკან არ ჩადიოდნენ და არც ასეთ პრესინგს მიმართავდნენ“.
სხვათა შორის, სიომინმა კვარაცხელიაზე ცალკეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სულის ნაწილი დაკარგა, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა „ლოკომოტივის“ რიგები დატოვა. მისი თქმით, ხვიჩა მისაბაძი მაგალითია და მისი წყალობით, საქართველოში საფეხბურთო ბუმია.