ჩუბინიძის 2 გოლი - ბორნმუთის U21-მა საერთაშორისო ტურნირი მოიგო
„ბორნმუთის“ 21-წლამდე გუნდმა, რომლის რიგებშიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე ასპარეზობს, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
Tournoi Europeen U21 ყოველწლიურად საფრანგეთში იმართება და ამჯერად მასში 8 გუნდი მონაწილეობდა: სენტ-ეტიენი, ჰამბურგი, რენი, ბორნმუთი, სოსიედადი, პსჟ, გენგამი და ლე ჰავრი.
პირველ ტურში „ბორნმუთის“ 21-წლამდელებმა „რენს“ გიორგი ჩუბინიძის დუბლით მოუგეს (2:0) და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალან კონელმა ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა: „ჩუბინიძემ აჩვენა, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას თამაშის მიმდინარეობაზე“.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად ჩუბინიძემაც: „მიხარია, რომ კარგად დავიწყეთ ტურნირზე ასპარეზობა. ვაჩვენეთ ჩვენი იდენტობა და მატჩის განმავლობაში ფიზიკურად კარგად გამოვიყურებოდით. მიხარია, რომ ორი გოლი გავიტანე. როგორც წესი, მარცხენა ფლანგზე იშვიათად ვთამაშობ, მაგრამ მომეცა საშუალება ფლანგიდან ცენტრისკენ შევსულიყავი და მარჯვენა ფეხით დამერტყა“.
მეორე მატჩში „ალუბლები“ „სენტ-ეტიენს“ დაუზავდნენ (1:1), ერთადერთი გოლი კი ჩუბინიძის მოპოვებული პენალტით გავიდა, ხოლო 11-მეტრიანების სერიაში ფრანგებმა გაიმარჯვეს.
მესამე ტურში „ბორნმუთმა“ 3:2 „ჰამბურგს“ მოუგო და ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სოსიედადს“ 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჩუბინიძის დუბლი და მოპოვებული პენალტი
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გიორგი ჩუბინიძემ „ბორნმუთთან“ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. გიორგი 2020 წლიდან „ალუბლების“ აკადემიაშია, 18 და 21-წლამდე გუნდებში უთამაშია, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ინგლისის სამოყვარულო ჩემპიონატის კლუბ „დორჩესტერში“ გაატარა.
