7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
Aa
Aa

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

მომავალ კვირაში საქართველოს 7-კაცა ხორვატიის საკურორტო ქალაქ მაკარსკაში გაემგზავრება და 13-15 ივნისს 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

ხორვატიაში საქართველო ბ ჯგუფში ბელგიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ბელგიას 13 ივნისს საქართველოს დროით 13:44 საათზე ვერკინებით, ჩეხეთს კი 20:14 საათზე. ბ ჯგუფში უნდა ეთამაშა ირლანდიასაც, თუმცა ირლანდიის რაგბის კავშირმა 7-კაცას გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, როგორც ჩვენ, ასევე ბელგიასა და ჩეხეთს, მასთან 40:0 მოგება ჩაეთვლებათ.

მაკარსკის ეტაპზე ა ჯგუფში საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და შვედეთი, ხოლო გ ჯგუფში გერმანია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და ლიეტუვა მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრების მიზანი მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის ზედიზედ მესამედ მოპოვებაა. აღსანიშნავია, რომ 7-კაცაში დაწყებული ბოლოდროინდელი რეფორმების გამო ბევრი რამ შეიცვალა, რაც 7-კაცას მწვრთნელის, ბესიკ ხამაშურიძის უკმაყოფილებას იწვევს.

„7-კაცას მიმართ მსოფლიო რაგბის მიდგომები ძალიან არ მომწონს. წარმატებული პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ რატომღაც ფორმატის შეცვლა და მონაწილე გუნდების დონეებად დაყოფა გადაწყვიტა, არადა, ჩემი აზრით პირიქით უნდა მომხდარიყო, რათა საშუალო და შედარებით სუსტ გუნდებს მეტი სტიმული ჰქონოდათ. პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია“.

„მიმაჩნია, რომ ქართული რაგბისთვის 7-კაცა აუცილებელია. დიდ გუნდებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ ხაზის მოთამაშეები აირჩიონ, ჩვენ კი ამისათვის შრომა და განვითარება გვჭირდება. საჭიროა რაც შეიძლება მეტი 7-კაცას ტურნირები ჩატარდეს, განსაკუთრებით ჭაბუკთა ლიგებსა და საფესტივალო ასაკში, რათა მოთამაშეებმა თავიდანვე გამოიმუშაონ ხაზის მოთამაშისთვის საჭირო უნარები“ - აღნიშნავს ბესიკ ხამაშურიძე.
საქართველოს 7-კაცამ წელს უკვე ითამაშა მსოფლიოს ჩელენჯერის სერიის ორ ეტაპზე, რომლებიც მარტის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. მას შემდეგ გუნდი პრაქტიკულად არ გაჩერებულა და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ ჯამში 28 მოთამაშე შეკრიბეს, რომელთაგან მაკარსკაში წამსვლელი 13, დღეს დაასახელეს.

„აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ პრაქტიკულად არ გავჩერებულვართ. დავიმატეთ 10-მდე ახალი მოთამაშე, რომელთაგან ორი მაკარსკაში მიგვყავს - დებიუტი ექნებათ გიგა ყიფშიძეს და სანდრო დარძულიძეს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ნაყოფიერად მოვემზადეთ. კვირაში 4 დღე ვვარჯიშობდით, გვქონდა ამხანაგური თამაშები ‘არმიასთან’, რის შემდეგაც 13 მოთამაშე შევარჩიეთ. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა, თუმცა ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია და ვერაფერს შევცვლით“.

„ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩელენჯერის სერიაზე დაბრუნებაა. ასევე ვითამაშებთ კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში სასიკეთოდ ბევრი რამ შეცვალა. ამ ორი წლის განმავლობაში, ეს იქნება პირველი ტურნირი, სადაც კლოდის გარეშე მივდივართ და თამაშებს მის ხსოვნას მივუძღვნით“ - ამბობს გია ლაბაძე, რომელსაც, ბესიკ ხამაშურიძესთან ერთად, კლოდის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში არაერთი თამაში ჩაუტარებია.

მზადების პროცესთან და მიზნებთან დაკავშირებით ბესიკ ხამაშურიძე ამბობს:

„მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად პროფესიონალები ვართ და ვეთამაშებით პროფესიონალურ გუნდებს, ვფიქრობ ცუდი შედეგები ნამდვილად არ გვაქვს. ორი წელია ჩელენჯერის სერიაზე გავდივართ და იქ პრაქტიკულად ყველა იმ გუნდს მოვუგეთ, რომლებიც სერიიდან დაქვეითდნენ, ან სერიაზე აღზევდნენ. გვაკლია სტაბილურობა, რისი მიღწევისთვისაც საჭიროა იმ ტურნირების საქართველოში ჩატარება, რომლებზეც ზევით ვისაუბრე“.

„ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ. დიდი 10-ის ფინალიდან გამომდინარე, რამდენიმე ბიჭი მოგვიანებით შემოგვიერთდა, თუმცა მათ საკმარისი გამოცდილება აქვთ და ფიზ. მომზადების ჯგუფმაც შესანიშნავად იმუშავა. გვქონდა როგორც ორმხრივი თამაშები, ასევე სპარინგები და არც მთლად უთამაშებლები ვართ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე არ ვართ ფავორიტები, მაგრამ ვეცდებით ბევრისთვის ვიყოთ სიურპრიზი და ვნახოთ რა გამოვა“.
რაც შეეხება ჯგუფის მეტოქეებს, გია ლაბაძემ ისინი ასე დაახასიათა:

„ბელგია 2 კვირის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში იყო, ტურნირები ითამაშა და სერიოზული მიზნები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათთან დადებითი ბალანსი გვაქვს, სულ დაძაბული თამაშებია და ბოლო ორი მოგება დამატებით დროში მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ ისინი ჩვენთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ბელგიის ნაკრების მოთამაშეები მთელი წლის განმავლობაში თამაშობენ 7-კაცას ფრანგულ კლუბებში (სუპერ7), ასევე სხვადასხვა ტურნირებზე და სანაკრებო შეკრებაზე ტონუსში მყოფები ჩადიან. ისინი 7-კაცას პროფესიონალები არიან“.

„ჩეხები ჩემპიონატში წელს აღზევდნენ. შესაძლოა ისინი ტექნიკური მონაცემებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ათლეტური, სწრაფი და გამძლე ბიჭები ყავთ. ჩელენჯერის სერიაზე მოსახვედრად ყველა გუნდი იბრძოლებს და წინ საინტერესო და რთული თამაშები გველოდება“.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი გერმანიაში, ჰამბურგში 27-29 ივნისს გაიმართება.

საქართველოს 7-კაცა მაკარსკას ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ლევან ნარიმანიძე, ვაჟა მიქაძე, დათა იმნაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გიორგი გამყრელიძე, სანდრო დარძულიძე, გიგა ყიფშიძე, გიორგი ნავროზაშვილი.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალანიას ლელო - ორიაკი დაქვეითებას გადაურჩა
ალანიას ლელო - ორიაკი დაქვეითებას გადაურჩა