„მგზავრმა მაიკს წყლის ბოთლი ესროლა" - ტაისონის ინციდენტის დეტალები
გუშინ, TMZ-იმ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, ლეგენდარული მოკრივე, მაიკ ტაისონი თვითმფრინავში, ერთ-ერთ მგზავრს დაუნდობლად როგორ უსწორდება. „რკინის მაიკის“ ქმედებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს კი Daily Mail-მა იმ მიზეზებზე დაწერა, რომლებმაც ტაისონის გაღიზიანება გამოიწვია.
ბრიტანულ გამოცემას 55 წლის მოკრივის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს, რომელიც დეტალებს ასაჯაროებს და აცხადებს: „სამწუხაროდ, მაიკ ტაისონს თვითმფრინავში, ერთ-ერთ მგზავრთან ინციდენტი მოუვიდა. მგზავრი მის გასაღიზიანებლად ყველაფერს აკეთებდა და საკუთარ ადგილზე მყოფ მაიკს წყლის ბოთლიც ესროლა."
ტაისონის წარმომადგენლის სიტყვებს რამდენიმე უცხოური გამოცემაც ადასტურებს, TMZ-ი კი აღნიშნავს, რომ სან ფრანცისკოს პოლიცია დანაშაულის ადგილზე მალევე გამოცხადდა და ორი ადამიანი დააკავა. ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და დაზარალებულმა ინციდენტის დეტალებზე საუბარზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ TMZ-ის ცნობით, მგზავრსა და ტაისონს შორის თავდაპირველად, ყველაფერი კარგად დაიწყო. თვითმფრინავში ასვლისას ის და მისი მეგობარი ტაისონს მიესალმნენ და მასთან ფოტოც გადაიღეს, თუმცა მოგვიანებით, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.