Aa
Aa

"ლანჩხუთის" სათადარიგოთა სკამიდან ეროვნული ნაკრების მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობამდე

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მტკივნეული მარცხი განიცადა. „ჩვენებურები“ სტუმრად ფინეთთან 0:6 დამარცხდნენ. გულშემატკივრებს ამ მარცხში დადებითი ფაქტის პოვნა გაუჭირდებათ, თუმცა დღეს ვისაუბრებთ ფეხბურთელზე, რომელიც ფინეთთან მინდორზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

დავიწყოთ ცოტა შორიდან.. 2020 წელი.. სოფო ნარსიამ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“ დატოვა და სათამაშოდ „ლანჩხუთში“ გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

21 წლის ფეხბურთელის მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ქსკ „ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი მას ძირითადად ცენტრალურ დაცვაში იყენებს, თუმცა ხშირად გვინახავს ნარსია „ფულბექის“ პოზიციაზე, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე.

თავდაპირველად ნარსია „ლანჩხუთის“ ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილებოდა. უმეტეს დროს ის სათადარიგოთა სკამზე ატარებდა და ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. ცნობილი გახდა, რომ სოფომ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო და საკუთარ თავზე განმარტოებით საკმაოდ ბევრს მუშაობდა. დაღლილობისგან ხშირად მისი ფეხების ტკივილი გაუსაძლისიც ყოფილა..

საქართველოს ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფიზიკური მომზადება და სიმძლავრე გახლავთ. სწორედ ეს არის ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ეროვნულ ნაკრებს სხვა ქვეყნებთან ჭიდილი უჭირს. ამ მხრივ კი ნარსია გამორჩეულია. წარმოშობით მეგრელი ფეხბურთელის საფეხბურთო შესაძლებლობებში სისწრაფე მოწინავე ადგილს იკავებს. ადგილიდან ელვისებური აჩქარება და ფიზიკური სიმძლავრე სოფოს ტოპ ფეხბურთელებთან ტოლსწორად თამაშის საშუალებას აძლევს.

მაგალითისთვის შეგვიძლია საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი მოვიყვანოთ, სადაც „ლანჩხუთმა“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ერთ-ერთ ეპიზოდში ხობელთა თავდამსხმელი თამარ სალუქვაძე გურული კლუბის კარის წინ პირისპირ გადიოდა, თუმცა ნარსია საკმაოდ დიდი მანძილიდან ჯერ დაეწია, ხოლო შემდეგ ბურთი წაართვა და სიტუაცია გააუვნებელყო.

საკუთარ თავზე მუშაობამ, დაუღალავმა შრომამ და მონდომებამ სოფო ნარსია „ლანჩხუთის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აქცია. მეტიც, მის გარეშე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფაქტობრივად წარმოუდგენელია. საკლუბო დონეზე, მისმა პროგრესმა ეროვნული ნაკრებისკენ გაუხსნა გზა..

რა თქმა უნდა, 21 წლის უკანახაზელს სხვადასხვა დროს 17-წლამდე და 19-წლამდე ქალთა ნაკრებებში უთამაშია, თუმცა 2022 წლის აპრილამდე მთავარ ნაკრებში 1 წუთიც არ ჰქონდა ნათამაშები. 2021 წლის ივნისში, გიორგი ჩხაიძემ სოფო აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა, თუმცა არ ათამაშა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში შვედეთის წინააღმდეგ ნარსიას დებიუტი შედგა. მთავარმა მწვრთნელმა ის შეხვედრის მიწურულს შეიყვანა და ბევრო დრო არ ჰქონდა, თუმცა ბოძებულ რამდენიმე წუთშიც კი ბრძოლისუნარიანობა და სულისკვეთება გამოავლინა.

დავუბრუნდეთ ფინეთთან მატჩს. როგორც მოგახსენეთ, ქალთა ნაკრების პრობლემა ევრო ასპარეზზე ყოველთვის ფიზიკური მომზადება და სიმძლავრეა. აღნიშნული პრობლემა ფინეთის წინააღმდეგაც ნათლად გამოჩნდა. უკვე გითხარით, რომ ნარსია მინდორზე 66-ე წუთზე შევიდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მხრიდან ის საუკეთესო იყო.

სოფომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რამდენიმე მწვავე შეტევა ჩაჭრა, სისწრაფის ხარჯზე დასწრებაზე ბრწყინვალედ თამაშობდა და მისი ფლანგიდან დარჩენილ დროში არანაირი ხიფათი აღარ შექმნილა. ვინ იცის, მას, რომ ძირითად შემადგენლობაში ეთამაშა, შესაძლოა საქართველოს 0:6 არ წაეგო. რა თქმა უნდა, ერთი ფეხბურთელი ამხელა გავლენას მატჩზე ვერ მოახდენს, თუმცა ფინელები ძირითადად ფლანგებიდან უტევდნენ და ფონს სისწრაფის ხარჯზე გადიოდნენ. ნარსია კი გიორგი ჩხაიძემ მარჯვენა მცველად განამწესა..

ქართველი ფეხბურთელის თამაში ფინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც არ გამოეპარა და ერთ-ერთ ეპიზოდში მას ტაშიც კი დაუკრა.

საბოლოო ჯამში, ქალთა ფეხბურთმა მიიღო უნივერსალური მცველი, რომელსაც შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს და ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, სოფო ნარსია არის მაგალითი, რომელსაც დამწყებმა ფეხბურთელებმა უნდა მიბაძონ. 21 წლის მცველმა დაამტკიცა, რომ საკუთარ თავზე მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი.

„ყოველთვის მინდა, რომ სტადიონზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. თავს არასდროს ვზოგავ და არანორმალურად ბევრს ვვარჯიშობ. ვფიქრობ, ერთ დღეს ეს შრომა დამიფასდება. ჩემი ქვეყნის მაისურის ტარება დამატებითი მოტივაციაა და საქართველოს წარმატებისთვის ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ.“

- თქვა სოფო ნარსიამ CrystalSport-თან საუბრისას..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები