„შენ წინააღმდეგ თამაში უდიდესი პატივი და სიამოვნება იყო" - ბასილაშვილი დელ პოტროს დაემშვიდობა
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუან მარტინ დელ პოტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. არგენტინელი ჩოგბურთელი ATP-ის ტურს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და არგენტინის ღია პირველობაზე ითამაშა. ფედერიკო დელბონისთან წაგებული მატჩის შემდეგ, დელ პოტრომ ბადეზე საკუთარი ბენდენა გადაკიდა, რითიც გვაუწყა, რომ უდიდესი ალბათობით, საყვარელი სპორტიდან მიდის.
„ბასილა“ დელ პოტროს გადაწყვეტილებას „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ „სთორიში“ გამოეხმაურა და განაცხადა: „შენ წინააღმდეგ თამაში უდიდესი პატივი და სიამოვნება იყო. მომავალში წარმატებებს გისურვებ.“
„დღეს ფინიშის დღეა. ახლა ჩემს მუხლებზე უნდა ვიზრუნო, რათა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენება შევძლო. ჩოგბურთისთვის კარს ყოველთვის ღიას დავტოვებ, რადგან ის, რაც დღეს განვიცადე, დაუვიწყარი იყო. თუ ეს ჩემი ბოლო მატჩია, მაინც ბედნიერი ვარ. რთულია ავხსნა, კორტზე რა ვიგრძენი. უამრავი ემოცია, გიჟური ატმოსფერო, საოცარი პუბლიკა და მათ წინაშე ჩატარებული ბევრი მატჩი. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე... ეს არის დღე, რომელიც არასდროს მინდოდა, დამდგარიყო, მაგრამ ის ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება“, - განაცხადა დელ პოტრომ დელბონისთან მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ხუან მარტინს კარიერის განმავლობაში, მუხლზე 8 ოპერაციის ჩატარება მოუწია, რათა ჩოგბურთის თამაში შეძლებოდა. აქედან 4 2019 წლის შემდეგ ჩაიტარა.