„ასეთი მეც მინდა“... - აივერსონის რეაქცია, როცა თავისი და კობის პოსტერი ნახა
ლეგენდარულმა კალათბურთელმა, ალენ აივერსონმა ემოციები ვერ მოთოკა, როცა ახალგაზრდა გულშემატკივარმა პოსტერზე ავტოგრაფის დატოვება სთხოვა. პოსტერზე აივერსონისა და კობი ბრაიანტის ფოტო იყო გადატანილი და „ეიაის“ რეაქცია ქომაგის მამამ დააფიქსირა.
„ჯანდაბა... ეს ვისია? შენია? სად გინდა, ხელი რომ მოვაწერო? ჩემთვის არ გაქვს? ერთი ასეთი მეც მინდა“ - უთხრა აივერსონმა ახალგაზრდა გულშემატკივარს, შემდეგ კი რამდენიმე რჩევა მისცა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და მისი ხილვისას ემოციების მოთოკვა ქომაგებსაც გაუჭირდათ...
View this post on Instagram
აივერსონი „შავ მამბას“ უდიდეს პატივს სცემდა და მისი გარდაცვალება ძალიან განიცადა. ტრაგედიიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ეიაი“ კობის წასვლას ასე გამოეხმაურა: „ჩემი დღევანდელი განწყობის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. თავში ორად ორი სიტყვა მომდის - გულგატეხილი და განადგურებული. რა არ ვცადე, მაგრამ საშინელი შეგრძნება, რომელიც კობის დაღუპვის ამბის გაგების შემდეგ დამეუფლა, ვერა და ვერ მოვიშორე.
ერთი ისტორია თავიდან არ ამომდის. ეს მაშინ მოხდა, როცა ახალწვეული ვიყავი და ლოს-ანჯელესში, „ლეიკერსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ პირველად ჩავედი. სასტუმროში გავჩერდი, სადაც კობიმ მომაკითხა და თავისი ავტომობილით რესტორანში წამიყვანა. როცა დავბრუნდით, მკითხა, საღამოსთვის რა გეგმები მქონდა. ვუთხარი, რომ ღამის კლუბში ვაპირებდი წასვლას და კითხვა შევუბრუნე. ბრაიანტმა ასე მიპასუხა: „სავარჯიშო დარბაზში მივდივარ“. კობი ასეთი ადამიანი იყო. ის კალათბურთის ნამდვილი მოსწავლე გახლდათ და ამ სპორტით ცხოვრობდა. Mamba Mentality-სგან და ჩემი ძმის ცხოვრებიდან რაღაც ყველა ჩვენგანს შეუძლია ისწავლოს. კობის, როგორც კონკურენტს, მეგობარსა და ძმას უდიდეს პატივს ვცემ და ყოველთვის ასე იქნება.“
შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა და კალაბასასში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა. მასთან ერთად მისი შვილი, ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.