მატჩის წინ - ატლეტიკო VS რეალი
Aa
Aa

მატჩის წინ - ატლეტიკო VS რეალი

"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში, მადრიდული გრანდები - "ატლეტიკო" და "რეალი", დღეს, "ვისენტე კალდერონზე" 22:45 საათზე ითამაშებენ.

პირველი შეხვედრა "რეალს" 3:0 აქვს მოგებული. 

მნიშვნელოვანი ფაქტები და სტატისტიკები

* "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში არათუ 3 ბურთიანი, არამედ 2 ბურთიანი ჩამორჩენაც არასდროს შემოტრიალებულა.

* ზედიზედ 3 სეზონია "ატლეტიკოს" ამ ტურნირზე "რეალი" აჩერებს - 2014-სა და 2016-ში ფინალში, ხოლო 2015-ში - 1/4 ფინალში.

* "ვისენტე კლადერონზე" "ატლეტიკო" ევროტურნირების ბოლო თამაშს ჩაატარებს. 

* ევროტურნირების ეგიდით "ათლეტებმა" ამ სტადიონზე 35 მატჩი გამართეს - 29 მოგება, 5 ფრე და 1 წაგება.

* "ატლეტიკო" ევროტურნირების 1/2 ფინალში მეექვსედ თამაშობს - ფინალში 3-ჯერ გავიდა.

* "ატლეტიკოს" ევროტურნირების 1/2 ფინალის სახლის მატჩი არასდროს წაუგია - 4 მოგება და 1 ფრე.

* "ატლეტიკოს" ევროტურნირების 1/2 ფინალის სახლის მატჩში გოლი არასდროს გაუშვია.

* "რეალი" "ჩემპიონთა ლიგის" ზედიზედ მეშვიდე 1/2 ფინალს თამაშობს, რაც ტურნირის რეკორდია.

* 1993 წლის შემდეგ "რეალი" "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში ხუთჯერ გავიდა და ხუთივეჯერ ტიტული მოიგო - 1998, 2000, 2002, 2014, 2016.

* "რეალი" მიმდინარე ტურნირზე დაუმარცხებელია - 8 მოგება და 3 ფრე. 

* "რეალმა" წლევანდელ ფლეი-ოფში ყველა, ხუთივე შეხვედრა მოიგო.

* "ატლეტიკო" 2017 წელს საკუთარ მოედანზე უკვე 4-ჯერ დამარცხდა - "ლას პალმასთან", ორჯერ "ბარსელონასთან" და "ვილიარეალთან". 

* "რეალს" ამ ტურნირის ისტორიაში 498 გოლი აქვს გატანილი. 

* "რეალმა" ბოლო 17 ოფიციალურ მატჩში კარი მშრალად მხოლოდ 3-ჯერ შეინახა.

* კრიშტიანუ რონალდუს "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 3 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. 

* რონალდუ არის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც ამ ტურნირის ფლეი-ოფში ზედიზედ 2 ჰეთ-თრიქი შეასრულა.

* რონალდუს "ატლეტიკოსთან" ჩატარებულ 28 შეხვედრაში 21 გოლი აქვს გატანილი.

* ისკო, ნაჩო, კარვახალი და კოკე 2013 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ და ტიტულიც მოიგეს.

გუნდების ახალი ამბები

* ლა ლიგაში "ატლეტიკომ" საკუთარ არენაზე "ეიბარს" საულ ნიგესის გოლით 1:0 მოუგო.

* მასპინძლებს ტრავმირებული აუგუსტო ფერნანდესი არ ეყოლებათ. საეჭვოა ხუანფრანის, ხიმენესისა და ვრსალიკოს თამაშიც.

* ლა ლიგაში "რეალმა" სტუმრად "გრანადას" 4:0 გადაურბინა. ხამესმა და მორატამ 2-2 გოლი შეაგდეს.

* სტუმრებს ტრავმების გამო კარვახალი და ბეილი დააკლდებათ.

მწვრთნელების კომენტარები

დიეგო სიმეონე: "ჩვენ გვჯერა საკუთარი თავისა და ჩვენი იარაღის. ამ თამაშში ისევე ვითამაშებთ და ვიბრძოლებთ, როგორც სხვა დროს - "ატლეტიკო" არ შეიცვლება. ვიცით რა შეგვიძლია. 

ჩემი ფეხბურთელების 100%-ით მჯერა და ვიცი ისინი ყველაფერს სწორად გააკეთებენ. თავი კარგად უნდა დავიცვათ და შეტევაშიც ვიაქტიუროთ.

მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს და ის ისეთი გუნდების გვერდითაა, როგორებიც "ბარსელონა" და "ბაიერნი" არიან. 

ჩვენ ვიბრძვით "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში და ეს უკვე დიდი მოტივაციაა. 

ჩვენ გვაქვს იარაღი, ჩვენ გვაქვს ყველაფერი საიმისოდ, რომ შეუძლებელი შევძლოთ. ბოლო მომენტამდე, მსაჯის ბოლო სასტვენამდე ვიბრძოლებთ".

ზინედინ ზიდანი: "მეტოქე ეცდება, რომ ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალება არ მოგვცეს და ხელი შეგვიშალოს - ეს მისი სათამაშო სტილია.

ჩვენ კი ვეცდებით, რომ დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და საბოლოოდ მივიღოთ ის, რისთვისაც ამ სტადიონზე მოვედით.

ეს სეზონის ბოლოა, როცა ყველა შეხვედრა გადამწყვეტია. 

კლუბის ისტორია არის ის, რასაც გვერდზე ვერ გადადებ. პირიქით, ის გეხმარება ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში უფრო თავდაჯერებული იყო. 

ჩვენ და ჩვენმა ფანებმა ვიცით, რომ დიდი გუნდი ვართ და ეს კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ".

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაბი, კოკე - საულ ნიგესი, კარასკო - გრიზმანი, გამეირო.

რეალი: ნავასი - ნაჩო, ვარანი, რამოსი, მარსელო - კაზემირო - კროოსი, მოდრიჩი - ისკო - ბენზემა, რონალდუ. 

შეხვედრას თურქი რეფერი, ჩუნეთ ჩაქირი იმსაჯებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები