ძაღლის პოვნისთვის ფული არ გადაიხადა - სასამართლომ სტარიჯს 22 400 ევროს გადახდა დააკისრა
სპორტულ მედიაში საინტერესო და ამავდროულად კომიკური ინფორმაცია გავრცელდა. დანიელ სტარიჯს სასამართლომ 22 400 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე კი შემდეგში გახლავთ..
2019 წელს ინგლისელ თავდამსხმელს საკუთარი ძაღლი მოპარეს. ამ ფაქტის შემდეგ, სტარიჯმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ძაღლის მპოვნელს იმდენ თანხას გადაუხდის, რამდენსაც ეტყვის.
ამის შემდეგ, რეპერმა მეტსახელად „კილა ფეიმმა“(ფოსტერ ვაშინგტონი) დანიელის ძაღლი იპოვა და დაუბრუნა. როგორც ირკვევა, „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვაშინგტონს მოთხოვნილი თანხა არ გადაუხადა, რის შედეგადაც სასამართლოში იჩივლა. პროცესმა რეპერის სასარგებლოდ ჩაიარა და სტარიჯს 22 400 ევროს გადახდა დაეკისრა.
ამის საპასუხოდ, დანიელმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი რომელშიც ვკითხულობთ:
„მე შევხვდი ახალგაზრდა ბიჭს, რომელმაც ჩემი ძაღლი იპოვა. მას თანხა გადავუხადე და ის აღფრთოვანებული იყო. მაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ძაღლის დაბრუნების დროს გადავიღეთ.
სამწუხაროა, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ხალხი პირადი სარგებლობის მიზნით ასეთ რაღაცებს აკეთებს, თუმცა მე მაინც მადლობელი ვარ ვაშინგტონის, რომელმაც ჩემი ძაღლი იპოვა და დამიბრუნა.“