2 ამხანაგური მარტში: ,,მეტოქეები სიძლიერით ბულგარეთსა და მაკედონიას უნდა წააგავდნენ
Aa
Aa

2 ამხანაგური მარტში: ,,მეტოქეები სიძლიერით ბულგარეთსა და მაკედონიას უნდა წააგავდნენ"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მომავალი, 2022 წელი საკმაოდ დატვირთული იქნება.

ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თუმცა ამ ეტაპზე მეტოქის ვინაობა და მატჩის მასპინძელი სტადიონი ცნობილი არ არის. მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ბათუმში მართავდა, ხოლო ამხანაგურ შეხვედრაში, უზბეკეთს გორში უმასპინძლა.

ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი იყო, რომელმაც მომავალი, ამხანაგური მატჩებისა და UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა:

,,ამ ეტაპზე ამხანაგური მატჩების სავარაუდო მეტოქეებს ვერ გეტყვით, რადგან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ახალ წლამდე დასრულდება და მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მეტოქე სიძლიერითა და თამაშის სტილით ბულგარეთსა და მაკედონიას წააგავდეს, რადგან ამ ნაკრებებს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რა შეუძლიათ. ეს ამხანაგური შეხვედრები სწორედ იმისთვის იქნება, რომ ერთა ლიგისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ.

შესაძლოა, ბულგარეთს ის ვარსკვლავები აღარ ჰყავს, რომლებიც 90-იანებში გამოირჩეოდნენ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს ნაკრები დღესაც ძალიან უხერხული მეტოქეა, თუმცა დღეს მაკედონია ბულგარეთზე ბევრად ძლიერია, მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ.

ჩრდილოთ მაკედონის წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ, თუმცა საბოლოო ჯამში, ერთა ლიგაზე დადებითად გამოვიყურებოდით და ვფიქრობ, რომ შეგვწევს ძალა, ორივე მეტოქეს ვაჯობოთ. რა თქმა უნდა, წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს, მთავარია რას გავაკეთებთ მოედანზე, როგორ მოვემზადებით და როგორ ფორმაში იქნებიან ფეხბურთელები ამ პერიოდისთვის".

UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრამ გამოარკვია, რომ ჩვენი ნაკრები C ლიგის მე-4 ქვეჯგუფში გიბრალტართან, ჩრდილოთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგა უცხო არ არის. მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დასრულებული ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა კარგად ნაცნობი ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, მინიმალური სხვაობით დათმო (0-1) და ევრო 2020-ზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაააკლდა.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენს ჯგუფში მოხვედრილი ბულგარეთი სანიოლის ფორმაციის ნაკრებისთვის ნაცნობია - მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები მომავალ მეტოქეს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე 1 გოლი გაუტანა, 4 კი მიიღო (4-1).

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 მატჩი ოფიციალური იყო, ხოლო 2 - საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა. საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ბულგარეთის წინააღმდეგ ასეთია: გამარჯვება - 1, ფრე -1, მარცხი - 4 (მათ შორის, 2 ამხანაგური მატჩი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერანის მწვრთნელი: ,,ღირსეული უნდა იყო და მარცხსაც ღირსეულად შეხვდე
მერანის მწვრთნელი: ,,ღირსეული უნდა იყო და მარცხსაც ღირსეულად შეხვდე"