ცეცაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ | ტორპედო v სამტრედია არ ჩაიშლება
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტური სტარტს ხვალ აიღებს.
კვირას, 21 ნოემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ტორპედოსა და სამტრედიას შეხვედრაა ჩანიშნული. აღნიშნულ დღეს მატჩი 17:30 საათიდანაა დაგეგმილი, თუმცა მომავალი შეხვედრის წინ, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაპირისპირება შესაძლოა, არ შემდგარიყო. მიზეზი სამტრედიას ფინანსური პრობლემებია, რის გამოც, ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს.
CrystalSport-მა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში გადაამოწმა. გუნდში განგვიმარტეს, რომ შეხვედრის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.
 
მოგეხსენებათ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი სამტრედია მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, გუშინ კი ქუთაისის ტორპედომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იმერულ კლუბს სწორედ გამოცდილი სპეციალისტი უხელძღვანელებს.
შესაბამისად, კვირას ცეცაძისა და მისი ყოფილი გუნდის დაპირისპირებას ვიხილავთ, რომელიც სატურნირო ცხრილში, სახარბიელო პოზიციას ნამდვილად არ იკავებს - 33 ტურის შემდეგ სამტრედიას მხოლოდ 20 ქულა აქვს.
კვირას, ტორპედოსა და სამტრედიის შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა CrystalSport-ის Youtube არხზე შეგეძლებათ.