„ასე წაგება არ შეიძლება, მეტი დისციპლინაა საჭირო“ - ძოძუაშვილმა ტორპედოს თამაში შეაფასა
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი ბუნებრივია საფეხბურთო კლუბებიდან ყველაზე მეტად „ტორპედოსთან“ ასოცირდება და მისი მოსაზრება ქუთაისურ გუნდთან დაკავშირებით მუდამ საინტერესოა. Crystalsport-თან ინტერვიუში ძოძუაშვილმა ყურადღება სწორედ ქუთათურების „ომონიასთან“ მარცხზე გაამახვილა და წარუმატებლობის მიზეზებზე ღიად ისაუბრა.
რევაზ ძოძუაშვილი
„ტორპედო“ მუდამ ქართული ფეხბურთის ფუნდამენტს წარმოადგენდა და ბუნებრივია ამ გუნდის წარსული, აწმყო და მომავალი ყველასთვის მნიშვნელოვანია. მიჭირს მიზეზებზე საუბარი, რადგან ბევრი ქუთაისელისგან ვიცი, რომ პირობები ამჟამად კლუბში იდეალურია.
იქიდან გამომდინარე, რაც მესმის, „ტორპედოს“ ამჟამინდელ პრეზიდენტს დავით კერესელიძეს უნდა მოვუფრთხილდეთ და ვეცადოთ მისნაირი ადამიანები ფეხბურთში ბევრნი იყვნენ. სტადიონი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია, იქვე „შენგელია არენასთან“ კერესელიძე როგორც ვიცი ორ პატარა მოედანს აკეთებს და მეტი რა უნდა სჭირდებოდეს ფეხბურთელს განვითარებისთვის და წარმატებისთვის?
სამწვრთნელო შტაბზე რისი თქმა შემიძლია? დირკ შუსტერი ჩემი კოლეგაა და არ მინდა მასზე ცუდად ვისაუბრო, თუმცა ჩემს მაგალითზე გეტყვით - არ ყოფილა კლუბი, სადაც მიმუშავია და ის ორი-სამი საფეხურით მაღლა არ ამეყვანა. რაც „ომონიასთან“ მოხდა, ასეთი ანგარიშით წაგება მიუღებელია. ალბათ, მეტი დისციპლინაა საჭირო და შუსტერი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომასა და დისციპლინას არამხოლოდ ვარჯიშებისა და თამაშების დროს, არამედ მის მიღმაც უნდა დააკვირდეს, სხვანაირად არაფერი გამოვა.
მხოლოდ „ტორპედოს“ დამრიგებელზე არ გავამახვილებ ყურადღებას - „იბერიას“ მწვრთნელი წავიდა. დანარჩენებს თუ მუშაობის გაგრძელება და შედეგის დადება უნდათ, ანუ შუსტერს, „დილას“ იტალიელ თავკაცსა და „სპაერის„ მწვრთნელსაც მეგობრულ რჩევას მივცემდი, რომ თუ აქამდე პირობითად დღეში 4 საათი მუშაობდნენ, ახლა 10 საათი უნდა იმუშაონ, რათა სიტუაცია გამოასწორონ.
მარტო ჩემს კოლეგებზე საუბარი და საყვედურები ამ შემთხვევაში უპრიანი არ იქნება. ფეხბურთელების არ მესმის, რომლებიც ახლა ამ პერიოდში, როდესაც ერთ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება, ბოლომდე თავს არ დებენ მოედანზე. ბიჭებო, არ გსურთ ლიდერობა აიღოთ საკუთარ თავზე და დაანახოთ ვილი სანიოლს თუ როგორი მაგრები ხართ? არ გსურთ საქართველოს ნაკრებში მოხვდეთ? თქვენი კარგი თამაში არამხოლოდ „ტორპედოს“, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს მოუტანდა სარგებელს.
ცნობისათვის, რევაზ ძოძუაშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, მოგვიანებით კი მთავარი მწვრთნელის პოსტიც ეკავა და 2002 წელს მისი ხელმძღვანელობით ქუთაისელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.