Aa
Aa

"გამოიცანით ვინ დაბრუნდა" - ჭიკაძის ახალი კონტრაქტი UFC-ისთან

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელის საშუალებით ქომაგებს აცნობა, რომ პრომოუშენთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

33 წლის ქართველი სპორტსმენი ახალი კონტრაქტისთვის მადლობას ლიგის პრეზიდენტს დანა უაითს, მენეჯერს ალი აბდელ-აზიზსა და მატჩმეიქერ შონ შელბის უხდის.

გიგამ თავისი ბოლო ბრძოლა ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მე-3 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, რის შემდეგაც ჭიკაძემ კარიერაში მე-14 და UFC-ში მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვების შემდეგ ქართველი მებრძოლი რეიტინგში დაწინაურდა და ამჟამად მე-8 პოზიციას იკავებს, თუმცა გიგას მეტი სურს და სატიტულო ბრძოლას ითხოვს.

„იმედი მაქვს, 13 ნოემბერი ან უფრო ადრინდელი ვარიანტი გამოჩნდება და სატიტულო ბრძოლის მიღება მსურს. თანაც ჩემპიონმა თქვა, რომ სურს, აქტიური იყოს. მინდა, ვოლკანოვსკის ორტეგასთან მოპოვებული გამარჯვება მივულოცო. მან საკუთარი ხასიათი გამოავლინა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია დაბრუნება, თუმცა მინდა, ვნახო ჩემ წინააღმდეგ როგორ იჩხუბებს. თუ ვოლკანოვსკის სურს, რომ აქტიური იყოს, მე ის ვარ, ვისაც უნდა შეხვდეს“.

- ამბობდა ჭიკაძე თავისი ბოლო ბრძოლის შემდეგ.

რაც შეეხება მის მომდევნო ბრძოლას, ქართველი არსებული ინფორმაციით, 2022 წლის 15 იანვარს UFC-ის წლის პირველ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და ამერიკელ კელვინ კატარს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში უდიდესი ალბათობით გიგა თავის სასურველ სატიტულო ბრძოლას მიიღებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები