Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  09:52

სტეფ კარიმ სეზონი სამმაგი დუბლით გახსნა - გოლდენ სტეიტმა ლეიკერსი დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ კედლებში „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხდა. ლებრონმა და კომპანიამ საწყისი სამი მეოთხედი ლიდერის რანგში გაატარეს, თუმცა ბოლო თორმეტწუთეული ჩააგდეს და 114-121 წააგეს.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. „ოქროს ბიჭუნამ“ კარიერაში მე-8 სამმაგი დუბლი მიითვალა და 10 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემაც გაიფორმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 21 სროლიდან მხოლოდ 5 გამოიყენა. სტეფს 20 ქულით ჯორდან პული წაეხმარა, ბიელიცასა და ლის 15-15 ქულა ჰქონდათ, ხოლო ანდრე იგუდალამ 12 ქულა ჩააგდო.

„ლეიკერსს“ ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „მეფემ“ აქტივში 34 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. ენტონი დევისს 33 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. ჯეიმსისა და დევისის გარდა, „ლეიკერსის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული ვერავინ გადალახა და ყველაზე მეტი, 9 ქულა კარმელო ენტონიმ დააგროვა. რასელ უესტბრუკს რაც შეეხება, ამ უკანასკნელმა 13-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო, 8 ქულა მიითვალა და 4 დაკარგვა ჰქონდა.

ამრიგად, „გოლდენ სტეიტმა“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მომდევნო შეხვედრაში მორიგი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. „უორიორსი“ საკუთარ კედლებში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლეიკერსის“ მომდევნო მეტოქე გასული სეზონის ფინალისტი, „ფინიქს სანსი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage