ხიზანიშვილი: „21-წლამდე ნაკრებიდან ეროვნული ნაკრების კანდიდატებს ვაკვირდებით
Aa
Aa

ხიზანიშვილი: „21-წლამდე ნაკრებიდან ეროვნული ნაკრების კანდიდატებს ვაკვირდებით"

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ თემებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი იყო, რომელმაც არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის 21-წლამდე ნაკრებსა და სანაკრებო კანდიდატებზე:

21-წლამდე ნაკრები მეორე გუნდია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ბაზა უნდა შეავსოს. ფაქტიც უკვე გვაქვს - ირაკლი აზაროვი, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

ამ ეტაპზე, 21-წლამდე ნაკრებიდან ეროვნულ ნაკრების კანდიდატების სახელებს ვერ ვიტყვი, თუმცა გაფართოებულ სიაში არიან და აქტიურად ვაკვირდებით.

ნოემბერში, რამაზ სვანაძის გუნდს ინგლისის წინააღმდეგ საინტერესო შეხვედრა აქვს. თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, ბათუმში ჩავალთ და ამ მატჩსაც დავესწრებით, კანდიდატებს დავაკვირდებით, რადგან 21-წლამდე ნაკრებში ძალიან საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ.

საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების მატჩი 15 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე შედგება და 21:00 საათიდან დაიწყება. 

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება - 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება, საქართველოსა და რუმინეთში.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება, მათ შორის: ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები