Aa Aa
11 ოქტომბერი 2021  |  10:15

წარმატებული სტარტი ინდიან უელსზე - ბასილაშვილმა იუბენქსი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან უელსის“ ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ნიკა კრისტოფერ იუბენქსს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და ჩოგბურთელებმა საწყისი 2-2 გეიმი გაცვალეს. 2:2-ზე ბასილაშვილმა ბრეიკპოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვია. ნიკოლოზი საკუთარ ჩაწოდებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, პირველ პარტიაში მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტი მისცა და სეტი დამაჯერებლად მოიგო - 6:4.

მეორე პარტიის მე-3 გეიმში „ბასილამ“ ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა იუბენქსმა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. 3:3-ზე ნიკა ბრეიკით წინ კიდევ ერთხელ გავიდა და ამჯერად, მეტოქისთვის თამაშში დაბრუნების საშუალება არ მიუცია - 6:3.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება, რომელიც რეიტინგში 48-ე ადგილს იკავებს. ქართველი ჩოგბურთელი მას ერთხელ შეხვედრია და 2018 წელს, დოჰაში 2-1 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage