ფერან ტორესის დუბლი - ესპანეთმა მილანში იტალია დაამარცხა
Aa
Aa

ფერან ტორესის დუბლი - ესპანეთმა მილანში იტალია დაამარცხა

ერთა ლიგის ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი გამოვიდა. იტალიამ მილანში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. რობერტო მანჩინის გუნდმა 2018 წლის შემდეგ პირველად წააგო.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს. შორიდან კიეზამ გაისროლა, თუმცა უნაი სიმონმა იტალიელის დარტყმული გააუვნებელყო. ამის შემდეგ, უპირატესობას ესპანელები დაეუფლნენ. ანგარიში მე-17 წუთზე ფერან ტორესმა გახსნა. ახალგაზრდა შემტევს საკმაოდ ეფექტური გოლი გამოუვიდა.

ესპანეთი აქტიურობას განაგრძობდა. „სკუადრა აძურას“ სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მინდვრიდან ლეონარდო ბონუჩი გააძევეს. მანჩინის ნაკრები აირია და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორე გოლი გაუშვა. ფერან ტორესმა დუბლი გაიფორმა.

მეორე ტაიმში იტალია ვერაფერს ახერხებდა. ესპანეთი კი შეტევას განაგრძობდა. რამდენჯერმე საქმეში დონარუმა ჩაერთო და საკუთარი ქვეყანა მესამე გოლს გადაარჩინა. 83-ე წუთზე, „ფურია როხამ“ შეცდომა დაუშვა და ამით კიეზამ ისარგებლა. „იუვენტუსის“ შემტევმა პელეგრინის გაატანინა, თუმცა იტალიელთათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მეტოქე 7 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45-დან გაირკვევა. ერთმანეთს ბელგია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები