თეა წულუკიანმა ფრენბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელებს გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის მადლობა გადაუხადა
Aa
Aa

თეა წულუკიანმა ფრენბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელებს გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ფრენბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ფრენბურთის ფედერაციაში მიმდინარე წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ახალი გუნდი მოვიდა, რომელსაც გიორგი ქართველიშვილი ხელმძღვანელობს. თეა წულუკიანმა ფედერაციაში ჩატარებული გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებისთვის ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფედერაციებში საარჩევნო პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ფრენბურთის ფედერაციის ახალი გუნდი, სამინისტროს მხარდაჭერით და განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით საჯარო სკოლებში ახალი პროექტის განხორციელებას დაიწყებს, რომელიც ახალგაზრდებში ფრენბურთის პოპულარიზაციას მოახდენს და ეტაპობრივად პროფესიული სპორტისთვის მოამზადებს.

პირველ ეტაპზე ფრენბურთის სწავლება 20 საჯარო სკოლაში დაიწყება. პროექტი სარგებლობს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით და ბავშვები მათ მიერ გადმოცემული ეკიპირებით შეიმოსებიან.

მინისტრმა მოუწოდა ფრენბურთის ფედერაციას, რომ პირველ რიგში პროექტში ჩართოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლები, რასაც ფედერაციის ხელმძღვანელობა დადებითად გამოეხმაურა. ამდენად, ბავშვები სრულფასოვან მომზადებას გაივლიან და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვებიან.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები