სეზონური სლემი არ გამოვიდა - მედვედევმა ჯოკოვიჩს მოუგო და პირველ დიდ სლემს დაეუფლა
Aa
Aa

სეზონური სლემი არ გამოვიდა - მედვედევმა ჯოკოვიჩს მოუგო და პირველ დიდ სლემს დაეუფლა

დანილ მედვედევმა ნოვაკ ჯოკოვიჩს "გრან სლემის" (სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგება) შესრულების საშუალება არ მისცა და კარიერაში პირველი დიდი მუზარადის ტურნირის ჩემპიონი გახდა. რუსმა ამ უდიდეს წარმატებას მე-3 ფინალისას მიაღწია.

მედვედევი, რომელმაც წინა ფინალები ნადალთან (US Open-ზე, 2019-ში) და იმავე ჯოკოვიჩთან (AUS Open-ზე, წელს) დათმო, მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და შესანიშნავი ჩოგბურთი ითამაშა. შედეგად, ახალგაზრდა რუსმა "ნოლეს" 3 სეტში აჯობა - 6:4; 6:4; 6:4.

ჯოკოვიჩს ჰქონდა შანსი, როდ ლეივერის 1969 წლის მიღწევის შემდეგ გამხდარიყო პირველი მამაკაცი, რომელიც ერთ სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტურნირს მოიგებდა. გარდა ამისა, ჩემპიონობის შემთხვევაში, მოგებული დიდი სლემის ტიტულებით რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს გადაასწრებდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი იქნებოდა. ამჟამად "დიდი სამეულის" ტიტულატურაში 20-20 დიდი სლემის გათამაშებაა.

მედვედევი კი, ევგენი კაფელნიკოვისა და მარატ საფინის შემდეგ, მე-3 რუსი მამაკაცია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა. 

"პირველ რიგში, ნოვაკისა და მისი ფანების გამო ვწუხვარ. ყველამ კარგად ვიცით, დღეს იგი რა მიზნისკენ მიიწევდა. ასეთი რამ აქამდე არავის მიმართ მითქვამს, მაგრამ ამას ახლა გავაკეთებ. ნოვაკ, ჩემთვის ყველა დროის უდიდესი ჩოგბურთელი ხარ.

არასდროს იცი, შეძლებ თუ არა კარიერაში დიდი სლემის ტურნირის მოგებას. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ამას ვერ გავაკეთებდი, მეცოდინებოდა, რომ მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ძალიან დიდ ბედნიერებას ვგრძნობ, ეს ხომ ჩემთვის დიდი სლემის პირველი ტიტულია. არ ვიცი, როგორი შეგრძნება მექნება, მეორე ან მესამე ჩემპიონობისას, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს."

საინტერესო იყო მედვედევის მატჩისშემდგომი კომენტარის ერთ-ერთი მონაკვეთიც, როცა 25 წლის ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ მას და მის ცოლს ურთიერთობის 3 წლისთავი ჰქონდათ, თუმცა საამისო საჩუქრის მოსამზადებლად წუთიც ვერ გამონახა.

დანილ მედვედევმა ტურნირის მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი სეტი დათმო (ვან დე ზანდშულპთან). ცალკე ხაზგასასმელია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული დანილი ჰარდის კორტებზე ATP ტურში დომინანტია - 147 მოგება, 17 ფინალი და 12 ჩემპიონობა, სამივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები