როგორია საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა
Aa
Aa

როგორია საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. 

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 მატჩი ოფიციალური იყო, ხოლო 1 - საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა.

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ბულგარეთის წინააღმდეგ ასეთია: გამარჯვება - 1, ფრე -1, მარცხი - 3 (მათ შორის, ერთი ამხანაგური მატჩი).

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების მოპოვება 1995 წლის 12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე შეძლო, როდესაც ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებმა მეტოქე შოთა არველაძისა (პირველივე წუთზე) და გიორგი ქინქლაძის თერთმეტმეტრიანით დაამარცხა (2-1).

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

იქამდე, 1994 წლის ოქტომბერში მეტოქემ ორი უპასუხო გოლი 55-ე და 61-ე წუთებზე გაგვიტანა (2-0), შემდეგ კი ამხანაგური შეხვედრაც შედგა, რომელიც 2005 წელს, სოფიაში გაიმართა და უხვგოლიანი გამოვიდა. მატჩში 8 გოლი გავიდა და ექტორ რაულ კუპერის საქართველოს ნაკრების მარცხით, ანგარიშით - 6-2 დასრულდა. საქართველომ ორივე გოლი მატჩის მიწურულს, 84-ე (ლაშა ჯაკობია) და 89-ე (გოგიტა გოგუა) წუთებზე გაიტანა.

შემდეგ იყო მსოფლიო 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. მატჩი, რომელიც დინამო არენაზე შედგა და  35 250 გულშემატკივარი დაესწრო, ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0).

ბოლოს კი, ეს ნაკრებები 2009 წელს, ასევე  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში შეხვდნენ, რომელიც კვლავ უხვგოლიანი გამოვიდა და იდენტური ანგარიშით - 6-2 დასრულდა. ჩვენი ნაკრებიდან გოლები 34-ე წუთზე, ვლადიმერ დვალიშვილმა და 51-ე წუთზე, ლევან კობიაშვილმა (პენალტი) გაიტანეს.

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიაში მეორე ამხანაგური მატჩი, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 8 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები