Aa
Aa

"მრავალჯერ ნანახი ფილმი" - ესპანეთმა საქართველოს უშანსოდ მოუგო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი ესპანეთში გამართა და ლუის ენრიკეს გუნდთან უშანსოდ 0:4 დამარცხდა.

ვილი სანიოლმა შემადგენლობა იმდენად გადაახალისა, რომ ამას ალბათ არავინ ელოდა. „ფურია როხამ“ ჩვენი ნაკრების რბევა პირველივე ტაიმიდანვე დაიწყო. გაიამ, სოლერმა და ტორესმა 3 უპასუხო ბურთის შემდეგ მატჩს აზრი ნაადრევად დაუკარგეს.

საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ზოგადად, მთლიანად გუნდი ექსპერიმენტალური იყო და ვერცერთი რგოლი თავის საქმეს ვერ ასრულებდა.

მეორე ტაიმში სანიოლმა ცვლილებები გააკეთა, შეტევა გააძლიერა, თუმცა ამაზე საუბარს აზრი არც ახლა აქვს და დიდად არც შეხვედრის მსვლელობისას ჰქონია.

63-ე წუთზე ესპანელებმა ლორიას კარი მეოთხედ აიღეს. ამჯერად გოლის ავტორი პაბლო სარაბია გახდა.

ლუის ენრიკეს მხრიდან მეკარის უნაი სიმონის შეცვლა ყველაფერზე მეტყველებს. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ...

ჩვენმა ნაკრებმა წააგო და ეს პირველად არ მომხდარა, არც დიდი ანგარიშით წაგვიგია პირველად, თუმცა ბოლო 2 შეხვედრაში სანიოლის გუნდმა ის ხასიათი და შემართება დაკარგა, რაც ამ ციკლის დასაწყისში ჰქონდათ.

ასეთი ნაკრები, ასეთი მატჩები უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი წლების წინ და ეს ყველაფერი მრავალჯერ ნაყურები ფილმის ხელახლა ნახვას ჰგავს...

იმედია მომდევნო შეხვედრებისთვის სიტუაცია გამოსწორდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები