„შთამბეჭდავ სტილში გავიმარჯვებ" - ჭიკაძე ბარბოზასთან გასამართ ბრძოლაზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზასთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „ნინძა“ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ბრაზილიელს შთამბეჭდავ სტილში დაამარცხებს.
„ეს ბრძოლა ჩემი ქვეყნისთვის და ზოგადად MMA-ის სამყაროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩემთვის კი ჩემი ოცნებისკენ, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამრის მორგება გახლავთ, მიმავალ გზაზე გასამართი მორიგი ჩხუბია. ტოპ 5-ის მებრძოლთან დაპირისპირება მინდოდა, მაგრამ ედსონ ბარბოზას უფრო დიდი სახელი აქვს, ვიდრე ტოპ 5-ის რამდენიმე მებრძოლს და მისი დამარცხების შემდეგ, მხოლოდ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლებს გავმართავ.
ჩემი აზრით, ბარბოზა თეიქდაუნების განხორციელებას შეეცდება. ის ბრძოლის სტარტზე აქცენტს სტრაიკინგზე გააკეთებს, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ ჩემსა და მის სტრაიკინგს შორის დიდი განსხვავებაა და ტაქტიკას შეცვლის. ბარბოზა შოკში ჩავარდება, როცა დაინახავს მასზე რამდენად უკეთესი სტრაიკერი ვარ, რის შემდეგაც ჭიდაობას მიმართავს და შეეცდება, პარტერში გადამიყვანოს.
ბარბოზას ფეხით განხორციელებული დარტყმები კარგად გამოსდის, მაგრამ იმავეს გაკეთება პრობლემა ჩემთვისაც არაა და შემიძლია, მათ კონტრშეტევებით ვუპასუხო. კარგი ჯები მაქვს და ვთვლი, რომ ბევრი ხელსაყრელი მომენტი მექნება, როცა მისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენება შემეძლება. დგომს შევცვლი ხოლმე და ამ მომენტების გამოყენებას შევეცდები. ოქტაგონზე ის ვიქნები, ვინც ვარ, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ და ფეთქებადი მაშინ ვიქნები, როცა დამჭირდება. ამ ჩხუბს შთამბეჭდავ სტილში მოვიგებ.
ჩემი მიზანი სატიტულო ბრძოლის მიღებაა. UFC 266-ზე სათადარიგო მებრძოლი ვიქნები. ვფიქრობ, ბარბოზასთან ჩხუბის შემდეგ, შემეძლება, სექტემბერში სათადარიგო მებრძოლი ვიყო“.
შეგახსენებთ, რომ ბარბოზას კარიერაში 31 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 9 წაგებაა. UFC-ში მან ბოლოს 15 მაისს იჩხუბა და ბრწყინვალე ნოკაუტით შეინ ბურგოსი დაამარცხა.