ჟიულ კუნდე, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„VAR-ის ეპოქაში ეს არ უნდა ხდებოდეს“ - 2 აშკარა შეცდომა და მორიგი სკანდალი

ლა ლიგის 24-ე ტური სკანდალური მატჩით დაიხურა. „ჟირონამ“ კატალონიურ დერბიში „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა. ჰანსი ფლიკის გუნდმა მორიგი სუსტი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მათ მარცხში მთავარი დამნაშავე მაინც არბიტრთა გუნდი გამოდგა.

ჟიულ კუნდეს წინააღმდეგ უხეშობის მომენტზე, რასაც „ბარსას“ კარში მეორე გოლი მოჰყვა, საუბრობს ყველა, ვისაც ამის კომპეტენცია აქვს.

გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ წესები დაირღვა. ვიდეო რეფერიმ ეპიზოდი ძალიან სწრაფად გადაამოწმა და თამაში გაგრძელდა. ამ ყველაფერზე აგრესიული რეაქცია ჰქონდა El Chiringuito-ს ჟურნალისტს, ხოტა ჟორდიმ. მან „ბარსელონას“ ლა ლიგის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ეს ლიგა ამაზრზენია. ჩვენ ახლავე უნდა დავტოვოთ ლა ლიგა. ის ლპება, ყველაფერი დაგეგმილი და მოწყობილია ისე, რომ ჩვენ არ გავიმარჯვოთ“,

– განაცხადა ჟორდიმ.

FIFA-ს ყოფილი არბიტრი და ამჟამად ექსპერტი, ედუარდო იტურალდე გონსალესი მატჩში მომხდარ ეპიზოდებს ანალიზს უკეთებს და კუნდეს მომენტამდე კიდევ ერთ დარღვევას აღნიშნავს.

„პენალტი, რომელიც იამალმა დაარტყა, ეს აშკარა დარღვევა იყო, მაგრამ, მომენტს თუ კარგად დავაკვირდებით, დარტყმა უნდა გადათამაშებულიყო. ეს არ უნდა ხდებოდეს, VAR-ის ეპოქაში ასეთი პენალტი თავიდან უნდა შესრულდეს, რადგან აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი მოთამაშე საჯარიმოში დარტყმამდე დროზე ადრე შევიდა.

თუ პენალტი თავიდან სრულდება იმის გამო, რომ მეკარეები კარის ხაზიდან ნაადრევად გამოდიან, მაშინ ამ პენალტზეც იგივე უნდა მომხდარიყო. მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა (CTA) ხვალ ეს უნდა განმარტოს, თუკი ამას შეძლებს“,

– განაცხადა იტურალდემ.

მან საუბარი კუნდეს ეპიზოდით განაგრძო. ამ მომენტში სესარ სოტო გრადოს VAR-ის მონიტორთან არ დაუძახეს, რაც რბილად, რომ ვთქვათ უცნაური იყო.

„კუნდეს ფეხზე დააბიჯეს და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან თამაშის წესები დაირღვა. მეტიც, ამ დარტყმამ მას თამაშის გაგრძელებაში ხელი შეუშალა. ასევე, ეჩევერის ყვითელი ბარათი უნდა მიეღო უხეში შეჯახებისთვის“,

– თქვა იტურალდემ.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ სესარ სოტო გრადოს. ესპანეთში მსაჯების თემა ყბადაღებულია და ყველა დეკადაში უამრავი სკანდალური ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ. უშუალოდ ამ არბიტრმა ლა ლიგის გასულ სეზონში ზუსტად „ბარსელონას“, ზუსტად ჟულ კუნდეს, ზუსტად მსგავს ეპიზოდში (ფეხის დაბიჯება) ჯარიმა დაუფიქსირა და გოლი გააუქმა. ამჯერად კი ანალოგიურ და უფრო უხეშ ქმედებაზე, რეაგირება არ ყოფილა და გოლი არ გაუქმებულა.

ამ მარცხის შემდეგ, „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება. როგორც ჩანს, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დრამატული ფინალი გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები