„ბარსას ყოველ ტურში ძარცვავენ“ | კუნდეს საკამათო ეპიზოდი და გამოხმაურება ესპანეთში
ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში „ბარსელონა“ სენსაციურად დამარცხდა და „ჟირონასთან“ გამართული გასვლითი შეხვედრა 1:2 დათმო. „ბლაუგრანა“ პაუ კუბარსის გოლით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. „ჟირონამ“ ტომა ლემარის გოლით ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი ფრან ბელტრანის ბურთით დაწინაურდა.
„ჟირონასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მასპინძელთა მეორე გოლის ეპიზოდში კლაუდიო ეჩევერიმ ჟიულ კუნდეს ფეხზე დააბიჯა. „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები გოლის გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა, სესარ სოტო გრადომ, წესების დარღვევა არ დააფიქსირა და არც ვიდეორეფერის მიუცია მისთვის რჩევა, რომ მომენტისთვის გადაეხედა.
აღნიშნული ეპიზოდის გამო გრადო მწვავედ გააკრიტიკეს და ლა ლიგა „ბარსელონასადმი“ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. AS-ისა და Cadena Ser-ის ექსპერტმა, ყოფილმა მსაჯმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა მომენტი ასე შეაფასა: „ეჩევერიმ კუნდეს დააბიჯა. გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან ეს აშკარა ჯარიმა იყო. კუნდემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ეპიზოდს გამოეთიშა. ეჩევერის ყვითელი ბარათი უნდა მიეღო“.
მოგვიანებით, AS-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ესპანეთის მსაჯთა ეროვნული კომიტეტის აზრით, მთავარ არბიტრს შეეძლო ეჩევერის წინააღმდეგ ჯარიმა დაენიშნა. საინტერესოა, რომ „ბარსელონას“ დამრიგებელმა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სოტო გრადოს მისთვის დეტალურად არ განუმარტავს, თუ რატომ არ დანიშნა ჯარიმა; მან უბრალოდ უთხრა, რომ წესების დარღვევა არ ყოფილა.
მატჩის შემდეგ კატალონიელი ჟურნალისტი, მიკელ ბლასკესი კუნდეს მომენტს გამოეხმაურა და მსაჯობა გააკრიტიკა: „სოტო გრადო ის რეფერია, რომელმაც ბარსელონას რაიო ვალეკანოსთან გოლი იმის გამო გაუუქმა, რომ კუნდემ მეტოქეს ფეხზე დააბიჯა. მაშინ, როდესაც რეალს პენალტებს ჩუქნიან, ბარსელონას საბოტაჟს უწყობენ და ყოველ ტურში ძარცვავენ. ბარსას კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ ლა ლიგა საშინელებაა“.
Soto Grado es el mismo árbitro que le anuló un gol al Barça contra el Rayo Vallecano por este pisotón de Jules Koundé. Mientras que al Madrid le van regalando penaltis, al Barça le sabotean y atracan cada jornada. El Barça no está bien, pero esta Liga está podrida. #FCBarcelona pic.twitter.com/wfjoprd1Vy
— Miquel Blázquez (@BlazquezFont) February 16, 2026
ცნობისთვის, „ჟირონასთან“ წაგების შემდეგ „ბარსელონა“ მეორე ადგილზე დაქვეითდა. „ბლაუგრანას“ 58 ქულა აქვს და ლიდერ „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება.