კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე | საკას ახალი კონტრაქტი არსენალთან
ინგლისის ნაკრების გარემარბმა ბუკაიო საკამ ლონდონის არსენალთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2031 წლამდე იქნება. BBC Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებით საკა კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება, რომლის ყოველკვირეული ხელფასი 300 000 გირვანქა სტერლინგს გადააჭარბებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მიმდინარე წლის იანვარში კი ფეხბურთელმა კლუბს მომავლის დაკავშირებაზე სიტყვიერი თანხმობა განუცხადა. 24 წლის ფეხბურთელმა წინა ხელშეკრულება, რომელიც 2027 წლამდე იყო გათვლილი, 2023 წელს გააფორმა, თუმცა კონტრაქტის განახლება ნიშნავს, რომ საკა კარიერის საუკეთესო წლებს მეთოფეებს მიუძღვნის.
ეს სიახლე არსენალისთვის უმნიშვნელოვანესი სტიმულია, რადგან გუნდი ოთხივე ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას და 2020 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოგებას ცდილობს. შეთანხმება კლუბის სტრატეგიის ნაწილია, რაც სატიტულო ბრძოლაში მყოფი გუნდის შენარჩუნებასა და წამყვანი მოთამაშეებისთვის გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას გულისხმობს. გასულ ზაფხულს კონტრაქტები გაახანგრძლივეს ვილიამ სალიბამ, გაბრიელ მაგალაეშმა, ეთან ნვანერიმ და მაილს ლუის-სკელიმ.
მიმდინარე სეზონში საკას ანგარიშზე ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 7 გოლია. არსენალის აკადემიის გავლის შემდეგ პირველ გუნდში დებიუტი 2018 წელს, 17 წლის ასაკში ჰქონდა. საერთო ჯამში, პრემიერ ლიგაში მას 217 მატჩი აქვს ჩატარებული და 57 გოლი გატანილი.
საკას პრემიერ ლიგაში რეი პარლორის რეკორდამდე (333 მატჩი) 116 შეხვედრა აშორებს. 2031 წელს, როდესაც მისი ახალი კონტრაქტი ამოიწურება, ის კლუბში უკვე 13 წლის განმავლობაში იქნება პროფესიონალის რანგში.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, საკას ინგლისის ნაკრებში 48 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. მოსალოდნელია, რომ ტომას ტუხელი მუნდიალზე წაიყვანს, რომელიც სტარტს ივნისში აიღებს.
ამ დროისთვის არსენალი პრემიერ ლიგას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მარტში კი EFL თასის ფინალში მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. გარდა ამისა, მეთოფეები გასულები არიან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფსა და ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში.