ფავორიტი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძე მეოთხედფინალშია
Aa
Aa
5 აგვისტო 2021  |  11:13

ფავორიტი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძე მეოთხედფინალშია

აშშ-ში მიმდინარე ტურნირის, Thoreau Tennis Open-ის კვალიფიკაციის წარმატებით დაძლევის შემდეგ მარიამ ბოლქვაძემ მერვედფინალშიც გაიმარჯვა. მან აღნიშნულ ეტაპზე ბელგიელი გრეეტ მინენი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა.

ფავორიტად ბელგიელი ითვლებოდა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 111-ე ჩოგანია, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის წინააღმდეგობა დაძლია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამ ეტაპზე ბოლქვაძე მსოფლიოს 174-ე ჩოგანია.

მეოთხედფინალში ბოლქვაძის მეტოქე რუს ვერა ზვონარიოვასა და ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს შორის გამარჯვებული იქნება.

ბელგიელთან შეხვედრამდე მარიამ ბოლქვაძემ კვალიფიკაციაში ორი მეტოქე დაამარცხა, ტაილანდელი პეანგტამ პლიპუეჩი (6:2, 6:4) და ამერიკელი სოფი ჩანგი (6:2, 6:1).

Thoreau Tennis Open-ის საპრიზო ფონდი 115 000 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, ეკო გორგოძემ პროფესიონალურ კარიერაში, ITF-ის რანგის, მე-17 ტიტული მოიგო, რის შემდეგაც WTA-ს რეიტინგში ქულები მოემატა და ამ მომენტისთვის 469 ქულით მსოფლიოს 163-ე ჩოგანია, ხოლო საქართველოში პირველი. მან მარიამ ბოლქვაძეს გადაასწრო, რომელსაც 438 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგის 174-ე ნომერია.

მარიამ ბოლქვაძემ სულ ცოტა ხნის წინ ნურ-სულთანის სახელობის 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში ქულები მანაც დაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები