„მისნაირი სპორტსმენი მილიონ წელიწადში ერთხელ იბადება
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  18:51

„მისნაირი სპორტსმენი მილიონ წელიწადში ერთხელ იბადება" - უცხოური პრესა ტალახაძეზე

ლაშა ტალახაძემ საქართველოს მეორე ოლიმპიური ოქრო მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ისტორიული გამოსვლა გვაჩუქა და ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდები დაამყარა. ლაშას ასპარეზობას უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ სტატიაში სწორედ მათ კომენტარებს შემოგთავაზებთ.

The Times Of India: „ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამხო და მამაკაცთა სუპერ მძიმე წონითი დივიზიონი დაიპყრო“.

Marca Claro: „საოცარი გამოსვლა. ლაშა ტალახაძე 109+ წონით კატეგორიაში - მეორე ოლიმპიური ოქრო კარიერაში. მსოფლიო რეკორდები. მან ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი ასწია.

109+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძის დომინაციასთან ახლოს არავინ არაა. ქართველმა ძალოსანმა ოქროს მედალი უდიდესი უპირატესობით მოიგო. ლაშა 5 წელია ძალოსნობის ყველაზე მძიმე წონით კატეგორიაში უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება და ტოკიოში თავისი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მან ამ ოლიმპიურ თამაშებზე ახალ წონით კატეგორიაში საოცარი გამოსვლა აჩვენა“.

7Olympics: „ლაშა ტალახაძე არის სპორტსმენი, რომელიც მილიონ წელიწადში ერთხელ იბადება. ატაცი - 208 კგ, 215 კგ, 223 კგ. აკვრა - 245 კგ, 255 კგ, 265 კგ. ორჭიდის ჯამი - 488 კგ. სუპერმენი“.

AS: „ქართველმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში 265 კილოგრამი, ხოლო ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი ასწია. პირუტყვობა“.

Associated Press: „ქართველმა ლაშა ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მამაკაცთა სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ტალახაძემ ატაცში 223 კილოგრამი ასწია, აკვრაში 263, ხოლო ორჭიდის ჯამში - 488 კგ. სამივე შედეგით მან თავისი რეკორდები გააუმჯობესა და მეორეადგილოსან ალი დავუდის მთელი 47 კილოგრამით აჯობა“.

Olympics.com: „ქართველმა კეთილმა გიგანტმა 109+ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო. ლაშა ტალახაძე კონკურენტებზე ბევრად წინ იყო, მაგრამ წინსვლა განაგრძო, რათა ენახა, სადამდე მივიდოდა. როგორც გაირკვა, ფინიშის ხაზი სამი მსოფლიო რეკორდი ყოფილა. ტალახაძე ოქროს მედლის მოგებასთან ერთად, 500-კილოგრამიან მაგიურ ნიშნულსაც მიუახლოვდა“.

USAToday: „ერთადერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ლაშა ტალახაძე ოლიმპიადის ოქროს ვერ მოიგებდა, იყო ის, რომ ავტობუსში ვერ ჩამჯდარიყო. ქართველმა ძალოსანმა არა მხოლოდ მოიგო, არამედ ტრიუმფის გზაზე 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა".

შეგახსენებთ, რომ ქართულ დელეგაციას დღევანდელი დღის შემდეგ უკვე 7 მედალი აქვს - ძიუდოდან 1 ოქრო და 3 ვერცხლი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან 1 ვერცხლი და ძალოსნებიდან 1 ბრინჯაო და 1 ოქრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები