Aa Aa
30 ივლისი 2021  |  07:24

ხმაურიანი გაცვლა NBA-ში - რასელ უესტბრუკი ლეიკერსში ითამაშებს

„ვაშინგტონ უიზარდსის“ გამთამაშებელი, რასელ უესტბრუკი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს. კლუბებმა გაცვლა განახორციელეს და ლოს-ანჯელესელებმა „ბროდის“ სანაცვლოდ კაილ კუზმა, კენტავიუს კალდუელ-პოუპი, მონტრეზლ ჰერელი, 2021 წლის 22-ე პიკი, 2024 წლის მეორე რაუნდის პიკი და 2028 წლის მეორე რაუნდის პიკი დათმეს.

უესტბრუკი „ვაშინგტონს“ უკვე დაემშვიდობა და ქომაგებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიმართა: „მადლობა, ვაშინგტონ! თქვენ მე და ჩემი ოჯახი პირველივე დღიდან თბილად მიგვიღეთ. ყველას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. ოფისიდან დაწყებული სამწვრთნელო შტაბით, მწვრთნელებით, თანაგუნდელებითა და გულშემატკივრებით დამთავრებული.

მადლიერი ვარ, რომ გადაწყვიტეთ შანსი მოგეცათ და ჩემ მიერ გავლილი გზის თითოეულ ეტაპზე მხარს მიჭერდით. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ორგანიზაციის წევრი ვიყავი. ვაშინგტონი ჩემი სახლი დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა, მაგრამ თქვენი მადლიერი ყოველთვის ვიქნები და ამ ორგანიზაციაში მიღებულ გამოცდილებას ყოველთვის დავაფასებ. მადლობა“!

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში უესტბრუკი საშუალოდ 22.2 ქულას, 11.5 მოხსნასა და 11.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. იგი პარკეტიდან 43.9 პროცენტით, პერიმეტრიდან 31.5 პროცენტით, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 65.6 პროცენტით უტევდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში