ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცემა
Aa
Aa

ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცემა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.  ქართველმა ძიუდოისტმა, 90-კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში, გერმანელი ედუარდ ტრიპელი, ვაზარით დაამარცხა.

ტრიუმფის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუმ, სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს საჩუქრად ბინა გადაეცემა:

„სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, გადასცემს საჩუქრად 100 კვ.მ. ბინას.

დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის!

ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია", -წერს უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე ტოკიო 2020-ზე ეს მედალი ლაშა ბექაურისა და  საქართველოს დელეგაციისთვის, პირველი ოქროს მედალია (სულ 3 - ვერცხლი: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დააიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარით დაჯილდოვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები