რეკორდული მატჩი და გორგოძის დრამატული მარცხი 1/4-ფინალში
პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) ეკატერინე გორგოძე მეოთხედფინალურ ეტაპზე დრამატული ბრძოლის შედეგად დამარცხდა.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 4 მატჩ პოინტი ვერ გამოიყენა და სლოვაკ კრისტინა კუცოვასთან დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში გორგოძე კარიერის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებდა.
გორგოძემ პირველი სეტი ტაიბრეიკზე 7:6 (7:4) მოიგო, მომდევნო ორი სეტის ბედი ასევე ტაიბრეიკზე გადაწყდა - 6:7 (7:9), 6:7 (3:7).
გადამწყვეტი მე-2 სეტი იყო, რომლის ბოლოსაც ეკოს 4 მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლო.
შეხვედრა რეკორდული გამოდგა. მიმდინარე წელს, ქალთა ტურნირებზე მსგავსი ხანგრძლივობის დაპირისპირება არ დაფიქსირებულა. ეკომ და კუცოვამ კორტზე 3 საათი და 55 წუთი გაატარეს.
ბოლო სეტშიც, გორგოძე 6:5-ზე აწვდიდა, თუმცა უკუბრეიკი მიიღო, რის შემდეგაც სლოვაკმა სადავეები ხელთ იგდო.
ბოლოს გეტყვით, რომ ეკო გორგოძე პოლონეთის გდინიას ტურნირზე წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად თამაშობს. ქართული დუეტი ნახევარფინალშია გასული.