როთენი: მბაპემ ნაკრები მის წინააღმდეგ განაწყო, არასწორად იქცევა
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად RMC Sport-ის ანალიტიკოსმა ჟერომ როთენმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები გაკვირვებულნი არიან კილიან მბაპეს განცხადებების გამო „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით კი უსმან დემბელე.
„ის შეგრძნება, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს გვქონდა, დღეს კიდევ უფრო აშკარა ხდება. ბევრი მოთამაშე ვერ ეგუება კილიან მბაპეს ქცევასა და მის განცხადებებს - ეს რეალობაა. მან საფრანგეთის ნაკრებში ბევრი თავის წინააღმდეგ განაწყო. მსოფლიო ჩემპიონატმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაიარა, და რა თქმა უნდა, როცა საუკეთესო ბომბარდირი ხდები და ისე სამაგალითოდ იქცევი, როგორც კილიანი, ეს ოდნავ არბილებს მთელ იმ კრიტიკას, რომელიც შეიძლება გუნდის შიგნით ისმოდეს. მაგრამ მსგავსი განცხადებები მის წინააღმდეგ იმოქმედებს.
მეუბნებიან, რომ საფრანგეთის ნაკრების ბევრ მოთამაშეს, კვლავინდებურად, არ ესმის მისი ყველა განცხადება, რომ ისინი უფრო „დემბელეს გუნდს“ მიეკუთვნებიან, ვიდრე „მბაპეს გუნდს“. მართალია, ეს ერთი და იგივე გუნდია, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა იქ ორი დაჯგუფებაა. უსმანი, რომელსაც გუნდის გაერთიანება გაცილებით უკეთ შეუძლია, ვიდრე კილიანს, ხშირად გამოდიოდა შუამავლის როლში საფრანგეთის ნაკრების ზოგიერთ მოთამაშეს შორის.
დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ბუზი კედელზე და ვნახავდი, როგორ ჩამოართმევენ ერთმანეთს ხელს უსმან დემბელე და კილიან მბაპე მომდევნო შეკრებაზე. ვფიქრობ, კედლები ოდნავ შეზანზარდება“.
როთენმა ასევე განაცხადა, რომ მბაპეს განცხადებაზე განსაკუთრებით ცუდი რეაქცია უსმან დემბელეს ჰქონდა., რომლის მიმართაც კილიანმა არც ისე მისაღებ კონტექსტში ისაუბრა.
კერძოდ, მანამდე „რეალის“ ფორვარდმა, სხვა ყველაფერთან ერთად, განაცხადა, რომ უსმან დემბელე ყოველთვის „ნიჭიერ მოთამაშედ“ ითვლებოდა, მაშინ როცა თავად კილიანს აღიქვამდნენ „როგორც რჩეულს“.
„უსმან დემბელეს ეს ძალიან არ მოეწონა. ის მბაპეზე ძალიან ბრაზობს. მისთვის ეს ერთგვარი ღალატია. ეს მძიმე სიტყვაა, მაგრამ ის ამას სწორედ ასე აღიქვამს.
და საქმე მხოლოდ მასში არ არის. არის უსმანის მთელი გარემოცვა, ხალხი, რომელიც უსმანთან ერთად არის „პსჟ“-ს გასახდელში. ეს ფრაზა „რჩეული - არა რჩეული“, მისდამი ზემოდან ყურება, გამონათქვამები იმის შესახებ, რომ მბაპეს დროს „პსჟ“-ში ვარსკვლავები არ იყვნენ, იმაზე, რომ ის აღიარებს რონალდუსა და მესის უპირატესობას, როცა საქმე „ოქროს ბურთს“ ეხება, მაგრამ თვლის, რომ სხვებს აჯობებდა...
„ოქროს ბურთის” სხვა მფლობელებს შორის არიან დემბელე, ბენზემა, მოდრიჩი - ფეხბურთელები, რომლებთანაც მან საერთოდ ითამაშა“,
- თქვა როთენმა.