''ბატეს ჩვენი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ'' - გეგუჩაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი
Aa
Aa

''ბატეს ჩვენი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ'' - გეგუჩაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი

UEFA-ს კონფერენს ლიგის 2021-22 წლების სეზოის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამო'' ბორისოვის ''ბატეს'' უმასპინძლებს. 56 წლის გამოცდილმა ქართველმა სპეციალისტმა მატჩამდე მედიასთან ისაუბრა.

გია გეგუჩაძე: ''ბატე'' ახლაც კარგი გუნდია. ამასწინათ შანსები შევაფასე და იგივეს გავიმეორებ, ორივე გუნდს გამარჯვების და შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს.

ლუკას გროცურეკი ხვალინდელ მატჩში ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, ყველა მათგანი მწყობრშია.

ყოველთვის გვინდა, რომ ინიციატივას ვფლობდეთ. ცხადია, ამ შეხვედრაშიც ჩვენი სურვილია გამარჯვების მოპოვება''.

კითხვა: ''თქვენი დებიუტი ევროტურნირზე ბორისოვის ''ბატესთან'' 2004 წელს შედგა, როცა თბილისის ''დინამოს'' წვრთნიდით. სტუმრად 0:2-ს აგებდით, მაგრამ 2:3 მოიგეთ. ასეთი ფაქტები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან იშვიათია. ხედავთ ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელებში იმ რწმენას, ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს, რაც მაშინ თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელებმა აჩვენეს?

გია გეგუჩაძე: ''არ ვიცი. ჩემთვის რთული სათქმელია. ის ერთი კონკრეტული მატჩი დიდი ხნის წინ იყო, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამაზე რომ გიპასუხოთ, უნდა ჩავვარდეთ იმ მდგომარეობაში და ეს სირთულე გადავლახოთ, ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრათ, მაგრამ მე ამას არ ვისურვებდი. მეტოქეს ჩვენი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ, რაც შეიძლება იყოს გამარჯვების წინაპირობა''.

გია გეგუჩაძემ გუნდის ახალწვეულების, მიხეილ ავალიანისა და დავით ზურაბიანის შესახებ ისაუბრა: ''მათში ვხედავთ პოტენციალს. ეს მოთამაშეები ახლახანს შემოგვიერთდნენ. ამ ეტაპზე მათით უკმაყოფილო არ ვართ. ყველაფერი თავად ფეხბურთელებზეა დამოკიდებული''.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ავარჯიშა.

ბათუმის ''დინამოსა'' და ბორისოვის ''ბატეს'' დაპირისპირება 22 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი 29 ივლისს, ბორისოვში, ''ბორისოვ არენაზე'' გაიმართება.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამომ'' სან მარინოს წარმომადგენელი ''ტრე პენე'' ორი მატჩის ჯამში 7:0 გაანადგურა. პირველ შეხვედრაში, სტუმრად გეგუჩაძის გუნდმა 4 გოლი შეაგდო, საპასუხო მატჩში კი 3:0 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები