„ნამდვილი კატასტროფა იყო“ - ოლიანენსემ ედგარ დავიდსი გაუშვა
Aa
Aa

„ნამდვილი კატასტროფა იყო“ - ოლიანენსემ ედგარ დავიდსი გაუშვა

პორტუგალიურმა კლუბმა, „ოლიანენსემ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ედგარ დავიდსი გაათავისუფლა. ნიდერლანდელი სპეციალისტის შეგირდებმა რანგით მეორე დივიზიონის საგზური ვერ მოიპოვეს და დავიდსს ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს.

ედგარის გათავისუფლების შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, ლუის ტორესმა განაცხადა და ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დავიდსის დანიშვნის გადაწყვეტილებას კატასტროფა უწოდა.

„ედგარ დავიდსისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების იდეა ჩვენმა სპორტულმა დირექტორმა მომაწოდა. მისი დანიშვნის შემდეგ, კლუბის ფინანსური მდგომარეობა უნდა გამოსწორებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

სპორტული გადმოსახედიდან, მისი დანიშვნა ნამდვილი კატასტროფა იყო. ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ბევრი ვარიანტი არ გვქონდა. მოდით, გულახდილები ვიყოთ. ჩვენმა მწვრთნელმა ფეხბურთელებთან კავშირი ვერ დაამყარა და გუნდს კონკრეტული თამაშის სტილიც ვერ ასწავლა. ედგარ დავიდსი არის ადამიანი, რომელიც როგორც ფეხბურთელი მდიდარი ისტორიით გამოირჩევა, მაგრამ ამას მის სამწვრთნელო შესაძლებლობებთან კავშირი არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ „ოლიანენსემდე“ დავიდსი მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ბარნეტში“ მუშაობდა და 2012-დან 2014 წლამდე მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ. ბრიტანული კლუბის შემდეგ, მას ნიდერლანდების 20-წლამდე ნაკრების ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები