„ჰარისონსა და რაფინიას სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა, თუმცა“ – LeedsLive კვარაზე
გუშინ, „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა გვაუწყა, რომ ყაზანურ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია. საიმანოვის განცხადება „ნისლიან ალბიონზეც“ გავრცელდა და „კვარას“ შესახებ LeedsLive-მა დაწერა.
„ლიდსთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, კვარაცხელია როგორც რაფინიას, ისე ჯეკ ჰარისონს, სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა, მაგრამ შანსი იმისა, რომ ლიდსმა 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინოს ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ტოპ ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება არ აქვს, კვლავინდებურად ძალიან მცირეა“.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის შემტევს „ლიდსის“ გარდა, „სევილიას“, „მილანს“, „დორტმუნდსა“ და „ევერტონს“ უკავშირებენ, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაციიდან გამომდინარე, არის შანსი, ხვიჩა ახალ სეზონს კვლავ „რუბინში“ შეხვდეს.
ქართველი ფეხბურთელი ყაზანური კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და გასულ სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „რუბინმა“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და „კვარა“ ნელ-ნელა ფორმაში შედის.