როგორ შეჭამა ბენზემამ მბაპე - ისტორიული დღის ანალიზი
Aa
Aa

როგორ შეჭამა ბენზემამ მბაპე - ისტორიული დღის ანალიზი

„ღმერთს სისხლი გამოადინეს, მალე ზვიგენებიც გამოჩნდებიან“... დეშამს ზედმეტად პრაგმატული და ასე ვთქვათ „ბოროტი“ სტილი აქვს. მათთვის მთავარი ამოცანაა, რომ მეტოქეს თამაშის საშუალება არ მიეცეს და ამოკეტილი ზონები შემდეგ თავად აკონტროლოს.

ამ გუნდს ბევრად მეტი შეუძლია, ბევრად ლაღად და აგრესიულად თამაში, ბევრად მეტი გოლით, თუმცა დეშამი ნაცად ფორმულას მისდევს, რომელიც ვფიქრობ უკვე მეტოქეებმა გაშიფრეს...“ - ეს ჩემს წინა სტატიაში საფრანგეთის ნაკრებზე დავწერე, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, რომ მერვედფინალში და თან შვეიცარიასთან დამარცხდებოდნენ.

საფრანგეთის დამარცხება პირველ რიგში, თუ ვინმეს შეეძლო ეს მათი სავარაუდო მომავალი მეტოქე ბელგია ან იტალია იყო, თუმცა ვლადიმირ პეტკოვიჩმა დაგვანახა, რომ დიდიე დეშამი თავისი სქემით თავიდან ბოლომდე გაშიფრა და მსოფლიო ჩემპიონების ყველა მინუსი უზუსტესად შეისწავლა.

დღეს მინდა 28 ივნისს გამართულ 2 არანორმალურად მაგარ თამაშზე ვისაუბრო, რომლებმაც საფეხბურთო სამყარო შეძრა, მონუსხა, ადრენალინის ჩანჩქერმა ამოხეთქა და ამ დიდებული თამაშის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გაგვიძლიერა.

თუ, წინა ჯერზე ვამბობდი, რომ ეს ევრო 2006 წლის მუნდიალის შემდეგ გამართულ სანაკრებო ტურნირთა შორის საუკეთესო იყო, ამჯერად გავრისკავ და ვიტყვი - ამ მომენტისთვის ევრო 2020 ოცდამეერთე საუკუნეში ჩატარებული საუკეთესო სანაკრებო ტურნირია, თუმცა ამის თქმას საბოლოოდ 11 ივლისს შევძლებ. იქამდე კი იმედი მაქვს ყველაფერი ასე დრამატულად და სანახაობრივად გაგრძელდება.

დავიწყებ საფრანგეთის ნაკრებით, რომელიც 28 ივნისის საღამოს „ოლიმპოს მთიდან ჩამოაგდეს“.

პორტუგალია-საფრანგეთის მატჩმა მსოფლიო ჩემპიონების შესახებ ბევრი ახალი რამ დაგვანახა. პირველ რიგში ვნახეთ, რომ ეს ის უძლეველი გუნდი აღარ იყო, რომელმაც მუნდიალი წარბშეუხრელად მოიგო.

დიდიე დეშამს პრობლემები ჰქონდა, რომელთა მოგვარების ნაცვლად, ყოველი მატჩის შემდეგ ახლები ემატებოდა.

პირველი რაც თვალში მომხვდა მბაპესა და ბენზემას დუეტი იყო. ერთი შეხედვით მრისხანე და მცველებისთვის გადაუჭრელი პრობლემა, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, რაც ამ ევროზე ნათლად დავინახეთ.

უფრო კონკრეტულად - ბენზემამ მბაპე დაჩრდილა, სივრცე შეუზღუდა, მისი როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადა.

2018 წლის მუნდიალზე გუნდი მბაპეზე იყო მორგებული. „როდესაც ბურთი გექნებათ, თუ მეტოქე თქვენთან ახლოს იქნება და თქვენს შეწუხებას მეორე ოპონენტიც შეეცდება, გადაცემა გააკეთეთ...  როგორც კი მოახერხებთ ბურთი კილიანს მიეცით“. - ეს დეშამმა ფეხბურთელებს ფინალში პირველი ტაიმის შემდეგ შესვენების დროს უთხრა.

იმ ფორმაციის გუნდში ფორვარდი ჟირუ იყო, რომელსაც მას საჰაერო ორთაბრძოლების მოგება და მბაპესთვის სივრცის შექმნა ევალებოდა. გრიზმანი უფრო უკან ნახევარდაცვისკენ იყო ჩაწეული. ყველა და ყველაფერი მუშაობდა იმაზე, რომ საბოლოოდ შეტევა მბაპეს მიმართულებით გაგრძელებულიყო. ასეც ხდებოდა და კილიანმაც თავისი საქმე იდეალურად შეასრულა.

ამჯერად ჟირუს ნაცვლად ბენზემა თამაშობდა, რომელიც ოლივიესა და მბაპეს თავისი კლასით ერთად აღებულს აღემატება.

როცა შემადგენლობაში ამ დონის ფორვარდი გყავს, მწვრთნელი ავტომატურად თამაშს მასზე აგებს. ასეც იყო - ბენზემას ანგარიშზე 4 გოლი და ბევრი მომენტი იყო, მბაპე კი უფრო ფლანგიდან მოქმედებდა. თავისი საყვარელი მარცხენა ფლანგიდან...

წლის დასაწყისში ესპანური AS-ი წერდა, რომ როდესაც პოჩეტინო პსჟ-ში დაინიშნა, მასსა და მბაპეს შორის საუბარი შედგა, სადაც კილიანმა არგენტინელს გარკვევით აუხსნა, რომ ცენტრფორვარდად თამაშისას პოტენციალს სრულად ვერ ავლენდა და მისთვის იდეალური პოზიცია მარცხენა ფრთა იყო.

პსჟ-ში მბაპემ თავისას მიაღწია. ნეიმარმა შუაში შეიწია და კილიანს მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა. მისთვის სასურველ მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა. ასევე იყო ნაკრებშიც.

თუმცა, კლუბსა და ეროვნულ გუნდს შორის ერთი დიდი სხვაობაა - პსჟ-ში ნეიმარიც მბაპეზე თამაშობს, მთელი გუნდი მასზეა მორგებული, საფრანგეთის ნაკრებში კი ბენზემამ ვითარება თავდაყირა დააყენა. ამ ყველაფრისთვის მწვრთნელს უნდა მიეხედა, მაგრამ დეშამმა სიტუაცია ვერ გააკონტროლა. შედეგად, მბაპემ ტურნირი ჩააგდო, საფრანგეთი სახლში გაემგავრა.

გამოჩნდა, რომ მბაპეს მოედანზე მთავარი როლის დათმობა უჭირს. მან მხოლოდ ერთი სტილით თამაში იცის - დომინანტურად.

"გუშინდელმა მარცხმა შეგვახსენა, რომ ფეხბურთი სხვა სპორტს არ ჰგავს. დიდიე დეშამს ბენზემას ნაკრებში გამოძახება ძვირად დაუჯდა. არ ვამბობ, რომ ქარიმის დაბრუნება გაუმართლებელი იყო, მაგრამ ეს ძალიან გვიან მოხდა, რამაც საფრანგეთის ნაკრების ტაქტიკის არევა გამოიწვია. ბენზემა ფორმულა 1-ის ბოლიდია, ხოლო დეშამი ერთ-ერთი საუკეთესი პილოტი გახლავთ, მაგრამ რბოლის დაწყებამდე აბსოლუტურად ყველა პარამეტრის შეცვლა იდეალური ნამდვილად არაა“.წერს ფრანგული L'Equipe-ი.

დეშამმა მბაპე-ბენზემას დუეტის ცუდად გამოყენების გარდა, ნგოლო კანტეც ვერ გამოიყენა.

კანტე არ არის მესი ან რონალდუ, რომ ნებისმიერი გუნდის შემადგენლობასა და სქემას მოერგოს. ფრენკ ლამპარდის „ჩელსი“ გავიხსენოთ. ნგოლო იმ გუნდში ისეთი დომინანტური და გაუვალი კედელი არ იყო, რადგან მწვრთნელი მას შესაბამისად ვერ იყენებდა.

დეშამმა საბოლოო ჯამში გუნდის სათამაშო სქემა იმდენად მკაფიოდ ვერ ჩამოაყალიბა, როგორც 2018 წელს.

გახსოვთ მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგების შემადგენლობა? ჟირუს სამუშაოზე და მბაპეს როლზე ზემოთ ვისაუბრე. „მამლების“ მაშინდელ ნახევარდაცვაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი იყო, რომელიც დეშამის სქემას სრულყოფილ სახეს აძლევდა - ბლეზ მატუიდი.

თავდაპირველ სქემაში მატუიდი მარცხენა ნახევარმცველად გვევლინებოდა, თუმცა როდესაც ფრანგები თავს იცავდნენ ის მესამე ცენტრალური ნახევარმცველი ხდებოდა და კანტეს აზღვევდა, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო.

ფრანგების ნახევარდაცვა ძალიან გადაიტვირთა და ნებისმიერი გუნდისთვის გაუვალი გახდა, ამან კი დაცვის ხაზს საქმე შეუმსუბუქა, რამაც ჯამში გუნდის თამაში გაამარტივა.

„სამფეროვანთა“ დაცვის ხაზი ისეთი გაუვალი არასდროს ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და როგორც ხალხს ეგონა. დეშამის გუნდის მთავარი თავდაცვითი იარაღი ნახევარმცველთა სამეული იყო, რომელიც უკანახაზელებს დიდ ფუფუნებაში ამყოფებდა. ევრო 2020-ზე სიტუაცია შეიცვალა და ბევრ შეუმჩნეველ დეტალს „დაცვა მოეხსნა“ – „ყველამ გაიგო, რომ აქილევსის სუსტი წერტილი ქუსლი იყო“.

მატუიდი ეგრეთწოდებულ Box to Box-ს თამაშობდა. ეს ფეხბურთელი მოედანზე ერთი წამითაც არ ჩერდებოდა. ბლეზი ცაციაა, თან სწრაფიც გახლავთ და არც გოლების გატანა იყო მისთვის პრობლემა, შიგადაშიგ მარცხენა ფლანგზე „იუვენტუსშიც“ იყენებდნენ ხოლმე.

მატუიდის ტიპის ფეხბურთელები დღეს არც ისე ცოტანი არიან, თუმცა მის თვისებებს ცოტა თუ ფლობს. დეშამმა სწორედ ეს გამოიყენა.

დავუბრუნდეთ ევრო 2020-ს. ამჯერად მბაპემ ფლანგი შეიცვალა და მარცხნივ გადავიდა. დეშამს კი საპირისპირო მხარეს მოთამაშე მატუიდის სტილის ნახევარმცველი დასჭირდა, რომელიც მას არ ჰყავდა.

გავიხსენოთ - თავიდან დეშამმა ძირითადში მესამე ნახევარმცველად რაბიოს დააწყებინა, შემდეგ კორენტინ ტოლისო გამოსცადა, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაუმართლა. ბოლოს კი საერთოდ სქემა შეცვალა და 3-4-1-2-ზე გადაეწყო, რაც ურიგო გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა, რომ არა არასწორი კადრების გამოყენება...

დეშამმა გუნდის განაცხადი არასწორად დააკომპლექტა და განაპირა მცველების წაყვანაზე პრაქტიკულად უარი თქვა. ტეო ერნანდესი, დაგბა და სხვები - „სამფეროვნებს“ შეეძლოთ უფრო სრულყოფილი კონტიგენტი ჰყოლოდათ.

დეშამმა შვეიცარიასთან 3 ცენტრალური მცველი გამოიყენა და მოულოდნელად შემაგდენობაში კლემან ლენგლე დააყენა, რომელიც პირდპაირ ვიტყვი, რომ ბოლო 2 სეზონის შემხედვარე ცუდი ფეხბურთელია.

„ბარსელონამ“ გასულ სეზონში ლა ლიგაში ლენგლეს შეცდომებით დაახლოებით 7-8 ქულა დაკარგა. ფრანგებმა პირველი გოლი სწორედ მისი პოზიციური შეცდომის გამო გაუშვეს.

უცნაური იყო, რომ დეშამმა ამ სქემაში კუნდეს გამოყენებაზე უარი თქვა. „სევილიას“ ფეხბურთელი 3-მცველიან ტაქტიკაში მარჯვენა ცენტრალურ მცველს იდეალურად ერგება. შუაში კი ლენგლეს ადგილს ვარანი დაიკავებდა.

დეშამის მორიგი შეცდომა 3:1-ის შემდეგ ვიხილეთ, როცა მოედნიდან გრიზმანი გაიყვანა, თამაში უკვე მოგებულად ჩათვალა და ფიზიკურად ძლიერი სისოკო შეუშვა, რომელსაც იდეაში მეტოქის შეტევებისთვის ხელი უნდა შეეშალა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ფრანგებს ბენზემა დაემტვრათ, რამაც თამაშის სცენარზე დიდი გავლენა მოახდინა.

ერთადერთი ვინც 2018 წლის ფორმაციის გუნდის წევრიც იყო და იმავე დონეზეც ითამაშა, პოლ პოგბა გახლავთ, რომელიც ევრო 2020-ზე დიდებულად გამოიყურებოდა. მთელს გუნდს მის მსგავსად, რომ ეთამაშა, ფრანგების შეჩერება კვლავ ურთულესი საქმე იქნებოდა.

შვეიცარიელებს კი ბრავო. პეტკოვიჩის გუნდი უკვე წლებია ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობს. ფეხბურთელები ერთმანეთს იდეალურად იცნობენ. ერთი შეხედვით, ეს არ უნდა ყოფილიყო ის ნაკრები, რომელიც ფრანგების წინააღმდეგ სენსაციას შემოგვთავაზებდა. შემადგენლობიდან გამომდინარე ლოგიკურად ასე იყო, მაგრამ...

მაგრამ ამ ევროზე ლოგიკას არავინ და არაფერი ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი დადეს და თავიანთ თავებს გადაახტნენ, მე მაინც მწვრთნელის ფაქტორს გამოვყოფ - პეტკოვიჩმა უმაღლესი დონის სამუშაო ჩაატარა და ფრანგების თამაში უზუსტესად გაშიფრა.

დასკვნა ასეთია - დეშამმა ნახევარდაცვა ვერ დაალაგა, რამაც გუნდს თამაშის კონტროლში ხელი შეუშალა. დაცვაში ექსპერიმენტებისთვის უფრო მეტად ერთა ლიგაზე უნდა მიემართა და არა ევროპის ჩემპიონატზე. და ბოლოს ბენზემა - ალბათ უმჯობესი იქნებოდა „ბენზო“ ნაკრებში უფრო ადრე დაებრუნებინათ, რომ მწვრთნელს სქემა გადაეწყო და პრობლემების შესამჩნევად მეტი დრო ჰქონოდა.

საბოლოოდ, დიდიე დეშამის შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი სახლში გაუშვეს. როდესაც ამხელა რესურსი გაქვს, ყველა ტურნირის მსგავსად პრაგმატულ სტილში მოგებას არ უნდა ცდილობდე. თანამედროვე ფეხბურთში ასე არ ხდება. შეგისწავლიან, შენს წინააღმდეგ გეგმას შეიმუშავებენ და საჭირო მომენტში ჩახმახს გამოკრავენ...

ემოცია და ადრენალინი - როცა ფსიქოლოგიური უპირატესობა ყველაფერს წყვეტს

მიმდინარე ტურნირზე კიდევ ერთი ფაქტია, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. გუნდების საკმაოდ დიდ ნაწილს ღრმა და მრავალფეროვანი შემადგენლობა ჰყავს, რასაც ევროს დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე ნაკრებზე თუ იტყოდნენ.

მარტო ხორვატიისა და დანიის მაგალითი რად ღირს. კასპერ ჰიულმანდის გუნდმა ჯერ ერიკსენი დაკარგა, შემდეგ პოულსენი, ვასი და ბოლოს კიაერიც, თუმცა დანაკლისი ოდნავადაც არ დატყობიათ. ანალოგიურად იყო ხოროვატიაც, რომელსაც დაცვისა და თავდასხმის ლიდერები ლოვრენი და პერიშიჩი აკლდა, თუმცა ესპანეთთან საოცრად ითამაშეს და ნეიტრალური გულშემატკივრების გულები კიდევ ერთხელ მოიგეს.

ახლა რაც შეეხება ესპანეთი-ხორვატიის მატჩს. ამ შეხვედრამ დაგვანახა, რომ ნაადრევად არავის ჩამოწერა არ შეიძლება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ორივე ნაკრებს აკრიტიკებდნენ და მათ შანსებს პესიმისტურად უყურებდნენ, თუმცა ფლეი-ოფი სხვა სრულიად სხვა სამყაროა, ეს კი გუშინ შვეიცარიამ იდეალურად გვიჩვენა.

ლუის ენრიკეს გუნდს ბუსკეტსის დაბრუნება პირველივე მატჩიდანვე დაეტყო. „ბარსას“ შუახაზელი სლოვაკეთთანაც და ხორვატიასთანაც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მისი დაბრუნების შემდეგ, ნახევარდაცვა დალაგდა და „ფურია როხას“ შეტევებმა ნაცნობი ხასიათი მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად შეხვედრას, გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. ხორვატებმა გათანაბრების შემდეგ ძალიან რეალური მომენტი გაუშვეს ხელიდან, რამაც საბოლოოდ მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

ამ შეხვედრაში ვიხილეთ თუ რამდენად დიდია კონკრეტულ მომენტში, რამდენიმე წამიან მონაკვეთში შექმნილი ფსიქოლოგიური უპირატესობის როლი. იყო მონაკვეთი, როცა ესპანეთი უბრალოდ მოკვდა და მოედანზე აღარ იყვნენ.

ხორვატებმა კი იგრძნეს, რომ მათი დრო დადგა და ბოლომდე შეუტიეს, ძალიან სწორად იმოქმედეს და სენსაციამდე ცოტა დააკლდათ. 3:3-ზე დამატებით ტაიმებში გაცუდებულმა მომენტმა ვითარება 180 გრადუსით შეცვალა და ჩემს მიერ ნახსენები ფსიქოლოგიური უპირატესობა იმწამსვე ესპანელთა ხელში გადავიდა.

ეს ყველაფერი კარგი სანახავია და ძალიანაც ვისიამოვნეთ, მაგრამ ფავორიტი გუნდის თამაშს ასეთი მერყევი ხასიათი სასურველ მიზნამდე ვერ მიიყვანს.

მიუხედავად გამარჯვებისა ესპანეთის ნაკრებს ფავორიტთა შორის მაინც ვერ მოვიხსენიებ. ვიღაც გამაკრიტიკებს და რა თქმა უნდა, ამის უფლებაც ექნება. შეიძლება ვცდები და საერთოდ ესპანეთი ჩემპიონიც გახდეს, თუმცა მირჩევნია სათქმელი პირდაპირ ვთქვა და მორიდებულად, სტანდარტული ფრაზებით არ შემოვიფარგლო. როგორ კრუიფი ამბობდა - „სჯობს საკუთარი შეცდომის გამო დამარცხდე, ვიდრე სხვამ შეგიყვანოს შეცდომაში“.

ენრიკემ შუა მატჩის დროს ცენტრალური მცველი შეცვალა, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. გუნდი მეოთხედფინალშია გასული და ჯერაც არავინ იცის, თუ როგორია „ფურია როხას“ დაცვის ოპტიმალური ოთხეული.

ძირითადში ალბას ნაცვლად გაიას გამოჩენაც მოულოდნელი იყო.

რასაც ესპანეთის ნაკრებს ვერ დავუკარგავთ არის მონდომება. ცოცხალი გუნდია, რომელიც ცდილობს ლამაზად ითამაშოს, მაღალ ტემპში იმოქმედოს და რაც მთავარია თამაშის მოკვლას, დროის გაყვანას და მსგავს ხერხებს არ მიმართავენ.

„ფურია როხა“ ნელ-ნელა უმატებს და ფავორიტის სტატუსს უახლოვდება, თუმცა მათ თამაშში ჯერ კიდევ ბევრი ნიუანსია, რომელიც მწვრთნელმა უნდა დახვეწოს.

ტურნირი, რომელსაც ყოველთვის დიდი ემოციებით გაიხსენებენ

პანდემიამ თითქოს ფეხბურთს საჭირო გადატვირთვა გაუკეთა. მანამდე ყველაფერი ერთ უფერულ, პრაგმატულ კალაპოტში მიედინებოდა და ჩვენი საყვარელი თამაში წლიდან წლამდე ხიბლს კარგავდა.

სანაკრებო ტურნირები კი ფეხბურთის ნამდვილი დაკრძალვა იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე რაღაც განსაკუთრებული მუხტია, განსაკუთრებული მუღამია და იმედი მაქვს ბოლომდე ასე გაგრძელდება. 28 ივნისის დღე ისტორიაში სამუდამოდ დარჩება - „3:1-ს არ ენდოთ“, - დღე, როდესაც ფეხბურთმა გაიღვიძა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები