ევრო 2020 ანალიზი: ბელგიელთა ხაფანგი - ხელოვნური სივრცე და მართვადი ქაოსი
Aa
Aa

ევრო 2020 ანალიზი: ბელგიელთა ხაფანგი - ხელოვნური სივრცე და მართვადი ქაოსი

ევრო 2020 ჯერჯერობით გულშემატკივრების იმედებს ამართლებს. ჩემი მოკრძალებული აზრით, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ ჩატარებულ სანაკრებო ტურნირთა შორის, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ცალსახად საუკეთესოა.

რატომ? ბოლო წლებში სანაკრებო (და არა მარტო) ფეხბურთში პრაგმატულმა სტილმა, 0:0-ებმა და „მთავარია არ გავუშვა და შემდეგ იქნებ ერთი როგორმე შევაგდო“ მიდგომამ ფეხბურთს დაღი დაასვა, სანახაობა მოკლა და ბავშვებისთვის სპორტის ეს სახეობა ისეთივე მიმზიდველი აღარ არის, როგორც 15-20 წლის წინ იყო.

მე რომ ახლა მოზარდი ვიყო, დიდი შანსია ფეხბურთის მიმართ იმხელა ინტერესი არ მქონოდა, როგორც ადრე. თუმცა, საბედნიეროდ ევრო 2020 ბავშვობის მოგონებებს, ფეხბურთის ჭეშმარიტ სახეს და მომაჯადოებელ სულს კვლავ გვიჩვენებს.

მცირე შესავლის შემდეგ ტურნირის ფავორიტების განხილვაზე გადავალ და შევეცდები ყველა მათგანის პლუსი და მინუსი თქვენამდე მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად მოვიტანო:

საფრანგეთი - „ღმერთს სისხლი გამოადინეს, მალე ზვიგენებიც გამოჩნდებიან“

დიდიე დეშამის გუნდმა 2018 წლის მუნდიალიც არც ისე დამაჯერებლად დაიწყო და მაშინაც ვერ ვიტყოდით, რომ „სამფეროვნები“ ტურნირის უპირობო ფავორიტები იყვნენ, თუმცა ფრანგებმა ფლეი-ოფებიდან მოუმატეს, მეტოქეებს შანსებს მინიმუმამდე უმცირებდნენ და თავად მომაკვდინებლად მოქმედებდნენ.

ამჯერად, საფრანგეთის ნაკრები თითქოს რაღაც ახალის გამოცდას ცდილობს, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ მიდის, როგორც დეშამს უნდა.

ფრანგებმა პორტუგალიასთან 4 ცენტრალური მცველით ითამაშეს - ცენტრში ვარანი, კიმპებმე და ფლანგებზე კუნდე-ერნანდესი. ამპლუით ყველა ცენტრალური მცველია და ეს გუნდის თამაშზე მალევე აისახა.

ფრანგებს შეტევაში ხალხის რაოდენობა აკლდებოდათ. ტაქტიკიდან გამომდინარე, „მამლები“ აქცენტს ცენტრიდან შეტევებზე აკეთებენ და ფლანგზე მხოლოდ მბაპე მოქმედებს, ამას პლუს განაპირა მცველების ინერტულობა - შედეგად ნაკლები საგოლე მომენტი მივიღეთ.

ფერნანდუ სანტუშმა სწორი გათვლა გააკეთა და დეშამის სქემა კარგად გაშიფრა. მეტოქეს ცენტრში აჯობა, თამაში ჩაუკეტა და ბურთს ნაკლებად უთმობდა. შედეგად მომენტების გარეშე დარჩენილი ფრანგები ვიხილეთ.

ამ მატჩმა დაგვანახა, რომ მსოფლიო ჩემპიონების მთავარი იარაღი სწორედ ნახევარდაცვაა და არა მრისხანე თავდამსხმელთა ტრიო.

საბოლოოდ, დეშამის გუნდმა შეხვედრა გადაარჩინა, თუმცა საინტერესოა რა მოხდება, როცა საფრანგეთი პორტუგალიაზე ძლიერ მეტოქეს შეხვდება...

და ბოლოს ბენზემა - რთულ და პრინციპულ მატჩში, როცა მბაპე გათიშეს, ლიდერობა სწორედ ბენზემამ იტვირთა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად დამსახურებულად დასახელდა.

ბენზემამ ფრანგებს შეტევაში მეტი არჩევანი მისცა და ამას უკვე ყველა ხედავს. მთავარი კი ჯერ წინ გვაქვს...

ერთი რაც აღნიშვნის ღირსია არის ის, რომ დეშამს ზედმეტად პრაგმატული და ასე ვთქვათ „ბოროტი“ სტილი აქვს. მათთვის მთავარი ამოცანაა, რომ მეტოქეს თამაშის საშუალება არ მისცეს და ამოკეტილი ზონები შემდეგ თავად აკონტროლოს.

ამ გუნდს ბევრად მეტი შეუძლია, ბევრად ლაღად და აგრესიულად თამაში, ბევრად მეტი გოლით, თუმცა დეშამი ნაცად ფორმულას მისდევს, რომელიც ვფიქრობ უკვე მეტოქეებმა გაშიფრეს...

ინგლისი - დიდი რესურსი, კარგი შანსი და... როდის გაიღვიძებს საუთგეიტი

საუთგეიტმა ბოლო შეხვედრაში დაცვის ხაზი ოპტიმალურად შეარჩია, თუმცა ნახევარდაცვისა და თავდასხმის დალაგება ჯერაც ვერ შეძლო.

მაუნტის არყოფნაში შანსი ჯეკ გრილიშმა მიიღო, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ინგლისელები ამ თამაშით ტურნირის ფავორიტთა შორისაც ვერ მოხვდებიან.

საუთგეიტის მხრიდან ბუკაიო საკას გამოყენება სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ფოდენს სუფთა გარემარბად თამაში კარგად არ გამოსდის, ინგლისს კი მარჯვენა ფლანგზე უფრო მეტად აგრესიული კადრი სჭირდება, ვიდრე ფოდენი, რომელსაც ცენტრში შეწევა და ბურთის კონტროლი უყვარს.

„არსენალის“ შემტევმა გვანახა, რომ შეუძლია და მისგან უფრო მეტსაც უნდა ველოდოთ.

ჯერჯერობით კვლავ ნდობის გარეშე რჩება ჯეიდონ სანჩო...

ინგლისელთა ყველაზე დიდ პრობლემად მაინც მოედნის ცენტრი რჩება. ფილიპსი, რაისი, ჰენდერსონის ტრიოდან 2 ყოველთვის ძირითადშია. ბურთთან „შენობით“ საუბარი სამივე მათგანს უჭირს, რაც გრანდების წინააღმდეგ თამაშისას თავს აუცილებლად იჩენს.

ჩამშლელის გვერდით ბელინგემის გამოყენება კარგი ალტერნატივაა, თუმცა საუთგეიტისგან მსგავს თამამ ნაბიჯებს მაინც არ ველი. რასაც უნდა დაველოდოთ და რაც მოსალოდნელია არის ის, რომ მერვედფინალში გერმანელთა წინააღმდეგ ინგლისი ბურთს დაკარგავს. კროოსი, გიუნდოგანი, გორეცკას სამეული ამ ფორმაციის „სამ ლომს“ უბურთოდ დატოვებს.

რაც შეეხება სტერლინგი-კეინის ხელუხლებელ დუეტს, ისეთ ფორმაში არცერთი მათგანი არ არის, რამხელა ნდობასაც საუთგეიტი უცხადებს. როტაცია და ჯანსაღი, ობიექტური კონკურენცია ლოგიკურად მათაც უნდა შეეხოთ, თუმცა როგორც ჩანს, საქმე „მწვრთნელის ფავორიტ“ მოთამაშეებთან გვაქვს.

„უემბლიზე“ თამაშის მიუხედავად არ მგონია, რომ ინგლისს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გერმანიაზე მეტი შანსი ჰქონდეს.

ესპანეთი - გუნდი ბირთვის გარეშე

ესპანეთის ნაკრები ევროზე ინგლისთან ერთად არის ნაკრები, რომელმაც ჯერაც არ იცის, რას ან ვის უნდა დაეყრდნოს. როგორია გუნდის ბირთვი? ვინ შეიძლება მოვიაზროთ მასში? ამაზე პასუხი ლუის ენრიკესაც არ აქვს.

ბოლო შეხვედრაში დამაჯერებელი იყო ასპილიკუეტა, რომელიც წინა ტურებში შანსს აუხსნელი მიზეზების გამო ვერ იღებდა. ჩემპიონთა ლიგის მომგები მცველი, რომელმაც მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე და თან შეუცვლელად ჩაატარა, დარჩა თადარიგში და მის ნაცვლად მარჯვენა მცველად ამპლუით ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ ითამაშა...

კოკეს პრობლემა - „ატლეტიკოს“ შუახაზელს წინ მწვავე პასების გაკეთება უჭირს და ძირითადად ბურთის არდაკარგვაზეა ორიენტურებული. ის არის თანამედროვე ფეხბურთელის სახე - ეპოქა, რომელშიც ყველანაირ სტატისტიკას ითვლიან და შენს თითოეულ მოძრაობას ციფრებად აქცევენ, რაც საბოლოოდ ფეხბურთს ინტერესს უკარგავს და სიცრუეში შეყვანით, ზედმეტი პიარით წინა პლანზე ისეთ ფეხბურთელებს წევს, რომლებსაც რეალურად ბევრი არაფერი შეუძლიათ.

ამ მომენტისთვის ლუის ენრიკე რაიმე ახალის მომფიქრებელს და თუნდაც სქემის შემცვლელ მწვრთნელს არ ჰგავს. თუ, „ფურია როხამ“ ხორვატია გააგდო, რაც ძალიან გაუჭირდებათ, მომდევნო ეტაპზე დიდი ალბათობით საფრანგეთი დაელოდებათ... „ეს ფილმი კი უკვე „ჰეფიენდით“ აღარ დასრულდება...“

ნიდერლანდები - საკმაოდ კარგი გუნდი, ზედმეტად პრაგმატი მწვრთნელით

ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი გუნდი, რომელსაც რამდენიმე საკმაოდ ჭკვიანი მოთამაშე ჰყავს - საერთო ჯამში ნიდელრანდებისგან გაცილებით უარესად თამაშს მოველოდი.

„ნარინჯისფრების“ სათამაშო სქემა ყველამ კარგად იცის და ისიც ვიცით, რომ დე ბურის 3-5-2 არ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა შემადგენლობა გაუმჯობესდეს.

ჩემი აზრით, დე ბური მალენს უნდა ენდოს. რატომ? ვეიგჰორსტი, რომელიც ძირითადის ფორვარდია საკმაოდ მაღალია, ფიზიკურ ორთაბრძოლებს იგებს და ერთი შეხედვით გასაგებია რატომაც ენდობა მას მწვრთნელი, მაგრამ საინტერესოა, რომ გუნდი იმ სტილს, რომელშიც ვეიგჰორსტი გამოსადეგი იქნება საერთოდ არ იყენებს.

„ნარინჯისფრებს“ მოედნის ცენტრში დე იონგი-ვეინალდუმის დუეტი ჰყავს, რომელთაც ბურთის დაცვიდან ამოტანა და შეტევის წამოწყება კარგად გამოსდით, ასევე არის დელი ბლინდი კარგი პასით - შეტევებს ისიც კარგად იწყებს, პლუს ამას მემფის დეპაი ყოველთვის უკან იხევს და სიღრმიდან მოქმედებს. ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ნიდერლანდებს ბურთის ამოტანის პრობლემა არ აქვს, გუნდის შეტევები მოკლე პასებზე და ფლანგებიდან სწრაფ გარღვევებზეა აგებული, რომლებშიც საერთოდ ვერ ვხედავთ მაღალ გადაცემებს, რომლის ადრესატი ვეიგჰორსტი უნდა იყოს.

ვფიქრობ, ამ სტილში მოთამაშე ნიდერლანდებს ტანმაღალი ფორვარდი უფრო თადარიგში მყოფი კადრი უნდა იყოს, რომელსაც მწვრთნელი ბოლო წუთებზე რთულ მომენტში შეიყვანს, როცა თავიანთი დალაგებული შეტევები აღარ გაამართლებს და ჩაწოდებებზე გადასვლის დრო მოვა.

გრავენბერხიც საინტერესო კადრია, თუმცა ნახევარდაცვის ცენტრი იმდენად დიდი პრობლემა არ არის, როგორიც მალენი-ვეიგჰორსტის მცდარი არჩევანი.

იტალია - ტურნირის მთავარი მშვენება და დიდი გამოცდის მოლოდინი

„სკუადრა აძურა“ ჯერჯერობით უნაკლო ნაკრებად მოსჩანს, თუმცა... „მათ თამაშს ვუყურე და ძალიან კარგად თამაშობენ. ისინი იტალიელებსაც კი არ ჰგვანან. უტევენ, მაღალ პრესინგს თამაშობენ და ეს სასიამოვნო სანახავია.

ისევე როგორც ჩვენ, იტალიელებსაც ტოპ გუნდების წინააღმდეგ არ უთამაშიათ. პორტუგალია. ეს არის შემდეგი ნაბიჯი მათთვის და ჩვენთვისაც“. - ამბობს დე ლიხტი და მეც იგივე მოლოდინი მაქვს.

იტალიელთა მთავარი გამოცდა მეოთხედფინალში შედგება. თუ მანჩინის გუნდი ავსტრიას გააგდებს, მათ ბელგია-პორტუგალიიდან გამარჯვებული ელით...

რობერტო მანჩინიმ ბევრისთვის მოულოდნელად, ძალიან ძლიერი კოლექტივი ჩამოაყალიბა, რომელიც წმინდა საფეხბურთო სტილით სიამოვნებას გვანიჭებს და ნეიტრალურ ქომაგს მათ მიმართ სიმპათიას უჩენს.

გერმანია - „მძიმე მეტალის“ მოლოდინში?

პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვის გუნდის მიმართ შეხედულებები 180 გრადუსით შეიცვალა. „ბუნდესმანშაფტმა“ ევროპის მოქმედი ჩემპიონი აშკარად დაჩაგრა. მთელი მატჩის განმავლობაში ისევე დამუხტული და „მუღამზე“ მოსული ვიყავი, როგორც Rammstein-ის Du Hast-ის მოსმენისას ვარ.

თითქოს ლიოვმა სწორი სიტყვები შეარჩია, ფეხბურთელებმაც ყველაფერი ზუსტად შეასრულეს, თუმცა უნგრეთთან ეს ყველაფერი სადღაც გაქრა.

გადაღლილობის ბრალი იყო? შესაძლოა. უნგრელებს კი შრომა და მონდომება არ უნდა დავუკარგოთ. დაცვაში ძალიან მჭიდროდ მოქმედებდნენ და შესაძლებლობების მაქსიმუმი დადეს.

გერმანია ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ გამოცანად რჩება. ჩემი აზრით, ინგლისი-გერმანიის წყვილში გასული ფინალამდე მივა. ცოტა ხმამაღალი და ნაადრევი პროგნოზია, თუმცა ამ მომენტისთვის ასე მგონია... რა მოხდება ამას დრო გვიჩვენებს.

იქამდე კი ლიოვის „მძიმე მეტალის“ მოლოდინში ვიქნები.

პორტუგალია - სანტუში ჯერჯერობით რესურსის ნახევარსაც ვერ იყენებს

ფერნანდო სანტუშმა საფრანგეთთან მატჩში სწორი ცვლილებები გააკეთა. დანილო-კარვალიოს წყვილიდან ერთი მოხსნა და ცენტრში რენატო სანჩესი დაამატა, რომელიც უფრო მოძრავია და ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც ძლიერია. ასევე თადარიგში გაუშვა ბრუნო ფერნანდეშიც, რომელიც მიმდინარე ევროზე თავისი თავის აჩრდილია.

პორტუგალიას აქვს ის რესურსი, რაც ბურთის დაჭერას, მომენტების შექმნას და პირველ ნომრად თამაშს სჭირდება. ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს გუნდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფორმაციის ნაკრებისგან განსხვავებით, ამჯერად მეორე ნომრად თამაშს ვერ შეძლებს და ისეთი გიგანტის წინააღმდეგ, როგორიც ბელგიაა თამაშს წააგებენ.

პორტუგალიის ნაკრების მთავარი პრობლემა თავდაცვაშია. გასული ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით გუნდურად თავდაცვა იმდენად კარგად აღარ გამოსდით, რაც გერმანიასთან და საფრანგეთთან შეხვედრებში კარგად გამოჩნდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ ფორმაში მყოფი რონალდუს და მისი ნაკრების ჩამოწერა არასწორია, თუმცა ჩემი აზით, თუ სანტუშმა რამე არ შეცვალა, ბელგიელთა წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდებათ.

ბელგია - ვინ გააჩერებს კევინს და კომპანიას?

„წითელი ეშმაკები“ ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურებიან, თუმცა რისი თქმაც ნამდვილად შეიძლება - რობერტო მარტინესს დიდი რესურსი აქვს, რომელსაც ჯერჯერობით სწორად იყენებს, თუმცა შესაძლოა ფინიშისკენ სათადარიგო გეგმა დასჭირდეთ, რადგან ნახევარდაცვის ხაზში სივრცეებს ხშირად ტოვებენ, თუმცა ჯერჯერობით მათი ათვისება ვერავინ შეძლო.

ჯგუფში ბელგიელებს დიდი ენერგიისა და ნერვების დახარჯვა არ მოსწევიათ. მერვედფინალში დამაჯერებლად და აუღელვებლად გავიდნენ.

წყვილში ფავორიტი ბელგიაა, თუმცა წინასწარ რაიმეს გადაჭრით თქმა სწორი არ იქნება.

მარტინესის 3-4-3 საკმაოდ შემტევია და მეტოქეთათვის არაპროგნოზირებადია.

ბელგიელთა ხაფანგი - ხელოვნური სივრცე და მართვადი ქაოსი

ლუკაკუ, რომელიც ცხრა ნომერს თამაშობს, ხშირად მარჯვენა ფლანგზე იწევს და ცენტრალურ მცველებს უსაქმოდ ტოვებს, რაც მათ დაბნევას და უკანა ხაზის გადაადგილებას იწვევს, შედეგად ჩნდება სივრცე, რომელსაც მოულოდნელად სიღრმიდან დე ბრუინი უტევს.

ერთ-ერთი ცენტრალური მცველი (ამ შემთხვევაში კიაერი) პოზიციას ტოვებს და ფლანგისკენ დაზღვევაზე ლუკაკუსკენ გადადის. სწორედ აქედან იწყება დაცვის ჩამოშლა.

მარცხენა ფლანგიდან კი ედენ აზარი და კარასკო (ან ტორგან აზარი) შერბიან, ამ ყველაფერს ლუკაკუც ემატება და მეტოქე გუნდი სრულ გაურკვევლობაში რჩება. გარდამტეხი მომენტი უკან დახევასა და შემდეგ მთელი ძალებით საჯარიმოზე იერიშის მიტანის რამდენიმე წამიანი მონაკვეთი გახლავთ.

კადრების ნახვისას ყველაფერი გაცილებით მარტივი აღსაქმელია.

ბელგიამ მსგავსი მანევრი 2018 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ გამოიყენა, რამაც იდეალურად იმუშავა და „სელესაოს“ დამსახურებულადაც მოუგეს.

ყველაფერი ერიკსენით დაიწყო

ერიკსენის მომენტმა თითქოს მთელს ტურნირს, ყველა გუნდს და გულშემატკივრებსაც დამატებითი ენერგია, მოტივაცია, ენთუზიაზმი და ფეხბურთისადმი სიყვარული მისცა. შედეგი ასეთია - ამ მომენტისთვის ძალიან სანახაობრივ, დრამატულ და ლამაზ ფეხბურთს ვუყურებთ.

სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი პრაგმატიზმზე ისევე იმარჯვებს, როგორც ერიკსენმა აჯობა სიკვდილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები