ფრე ქუთაისში - ტორპედომ დინამო ბათუმს 3 წუთში ორჯერ გაუტანა
Aa
Aa

ფრე ქუთაისში - ტორპედომ დინამო ბათუმს 3 წუთში ორჯერ გაუტანა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის სასტარტო მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე შედგა, სადაც „ტორპედომ" „დინამო" ბათუმს უმასპინძლა. შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და ფრედ, ანგარიშით - 2-2 დასრულდა.



შეიძლება ითქვას, რომ მატჩის პირველი ნახევარი გია გეგუჩაძის გუნდის კარნახით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. „დინამო" ბათუმი სწრაფად, მატჩის მე-2 წუთზე დაწინაურდა - გიორგი ფანცულაიამ გუნდის ავსტრიელი ლეგიონერის, ლუკას გროზურეკის შედეგიანი გადაცემა გამოიყენა (0-1), რასაც 35-ე წუთზე, თედორე გრიგალაშვილის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი მოჰყვა (0-2).

64-ე წუთზე „ტორპედო" თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გამოიყენა კიდეც - ლაზარე კუპატაძის კარი ოლეგ მამასახლისმა აიღო და ერთი ბურთი გაქვითა (1-2). აღნიშნული გოლიდან დაახლოებით 3 წუთში, „ტორპედომ" ზეწოლა გაზარდა და „დინამო" ბათუმის კარში მეორე გოლი გავიდა - ფადი ზიდანმა წონასწორობა აღადგინა (2-2).

ორმხრივი შეტევების მიუხედავად, მატჩის დარჩენილ დროში, ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩის საინტერესო ამბები

„დინამო" ბათუმთან მატჩისთვის გუნდი კახა ჩხეტიანმა მოამზადა, რომელიც „ტორპედოში" ოფიციალურად, მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა.

კახა ჩხეტიანისთვის „ტორპედო" უცხო არ არის. გამოცდილი სპეციალისტი გუნდში 2016/2020 წლებში მუშაობდა, ამ დროში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო.

ამავე მატჩში გულშემატკივარმა ჯოვინო ფლამარიონი იხილა. ბრაზილიელი თავდამსხმელი მოედანზე 46-ე წუთზე, ლუკას გროზურეკის ნაცვლად შემოვიდა.

როგორც ცნობილია, ბრაზილიელი ლეგიონერი დინამო ბათუმს მინიმუმ სეზონის ბოლომდე დაეხმარება.

გია გეგუჩაძე - „დინამო" ბათუმის მთავარი მწვრთნელი

კახა ჩხეტიანი - „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი 

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი მატჩები

19 ტურის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედო" 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. ჯერ-ჯერობით, ლიდერი „დინამო" ბათუმია, რომელსაც 39 ქულა აქვს, თუმცა „დინამო" თბილისთან შედარებით 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური სტარტს 27 ივნისს აიღებს. ამ დღეს გია გეგუჩაძის გუნდი ბათუმში, ბათუმი არენაზე „შუქურას" მიიღებს. შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება. 20:30 საათიდან კი კახა ჩხეტიანის „ტორპედო" „დინამო" თბილისს ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე უმასპინძლებს.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი „ტორპედო"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები