კაშიასა და კანკავას წარმატებული დებიუტი ვაისის გუნდში
Aa
Aa

კაშიასა და კანკავას წარმატებული დებიუტი ვაისის გუნდში

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ ბრატისლავას ''სლოვანთან'' ერთად ახალი სეზონისთვის მზადება ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ დაიწყეს. სლოვაკეთის ჩემპიონმა ამხანაგური მატჩი ავსტრიაში, რანგით მეორე ლიგის ''კაპფენბერგის'' წინააღმდეგ ჩაატარა. ანგარიში ავსტრიულმა კლუბმა გახსნა, თუმცა შემდეგ ვაისის გუნდმა 4 გოლი შეაგდო და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა (1:4).

ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარეს. ''სლოვანის'' მესამე გოლი ჯაბა კანკავას გამჭოლ პასს მოჰყვა, სამსვლიანი კომბინაცია დავიდ ჰრნჩარის გოლით დასრულდა.

''კაპფენბერგის'' სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-შემტევმა ლევან ელოშვილმა ითამაშა.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სლოვაკეთის მოქმედ ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ.

2020 წლის მიწურულს ჯაბა კანკავას ''ტობოლთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა, რის შემდეგაც კარიერა ''ვალანსიენში'' გააგრძელა, ლიგა 2-ში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა მან ფრანგულ კლუბში დარჩენაზე უარი თქვა და კარიერა სლოვაკეთში გააგრძელა.

რაც შეეხება გურამ კაშიას, ''ვიტესის'' ექს-კაპიტანს გასული წლის მიწურულს MLS-ის კლუბ ''სან ხოსესთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა, რის შემდეგაც კარიერა თბილისის ''ლოკომოტივს'' დაუკავშირა, რომელიც მიმდინარე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტნის კარიერაში ''სლოვანი'' მესამე უცხოური კლუბია.

მოგეხსენებათ, სლოვაკური გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელიც 2016-20 წლებში საქართველოს ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები