Aa Aa
16 ივნისი 2021  |  14:04

„სამტრედიაში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა" - კალაძე

ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრად თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა. ყოფილ ფეხბურთელს მართლაც შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა გამოუვიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა და იმედგაცრუებაზე ილაპარაკა.

კახა კალაძე კარიერის პირველ ნაბიჯებზე

„ბავშვობაში ოცნება მქონდა, ვყოფილიყავი ფეხბურთელი. თამაში  „სამტრედიის" ბავშვთა სკოლაში დავიწყე. როდესაც წამოვიზარდე და გარდატეხის ასაკში ვიყავი,  „სამტრედიაში" მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და კარგი იქნებოდა თუ ამ საქმიანობას შევეშვებოდი. ეს სიტყვები ჩემთვის, ბავშვისთვის, ძალიან დამთრგუნველი იყო, რადგან მონდომებული მთელი გულით ვიყავი და ოცნებები მქონდა. გაბრაზების გრძნობა დამეუფლა, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩემგან კარგი ფეხბურთელი აუცილებლად გამოვიდოდა.


დამარცხებას ვერ ვიტანდი, ყველაფერს ვაკეთებდი რომ არ წამეგო. როდესაც ეს სიტყვები მითხრეს, მამამ მომიწოდა, რომ ფეხბურთის თამაში უნდა გამეგრძელებინა, თავი არ დახაროო - გამამხნევა. წამომიყვანეს თბილისში,  „დინამოში". მაშინ  „დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელი გივი ნოდია იყო. მეორე, ახალგაზრდულ შემადგენლობაში ვვარჯიშობდი. თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, ვარჯიშის შემდეგ, წვიმასა თუ ქარში, დამატებით ვრჩებოდი და ტექნიკის კუთხით საათობით ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

შემდეგ  „დინამოს" ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი, მაშინ 16 წლის ვიყავი, შემდეგ  „დინამო" კიევის ვარიანტი გამოჩნდა,  „დინამო" კიევამდე კი ეროვნული ნაკრები იყო, სადაც ყველაზე ახალგაზრდას მომიწია თამაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იტალიის ნაკრებთან იყო, როდესაც კახა ცხადაძემ მატჩის საწყის წუთებში ტრავმა მიიღო, მთავარმა მწვრთნელმა,  დავით ყიფიანმა სათადარიგო სკამისკენ გამოიხედა და მითხრა - კახა, გაემზადე-ო. ეს სრული შოკი იყო, თამაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების წინააღმდეგ მიწევდა. გამოვედი და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარე. ეს შეხვედრა ფრედ დავასრულეთ (0:0).

საკლუბო დონეზე კიევის  „დინამოს" ფორმით ჩემპიონთა ლიგაზე კარგი მატჩები ჩავატარე, შემდეგ „მილანი" იყო და დაიწყო წარმატებებიც".

9 წლის მანძილზე, კალაძემ „მილანთან" ერთად იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. მისთვის წარმატებული იყო ევროტურნირებიც - იტალიური გუნდის ქართველი ლეგიონერის მონაგარს ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი ევროპის სუპერთასი და ერთი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელდა წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში