შაჰინმა ხარებაშვილი სასტარტოში ათამაშა | ბაშაქშეჰირმა მოუგებელი სერია შეწყვიტა
თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში „ბაშაქშეჰირმა“ „გენჩლერბირლიგს'' 4:0 გაანადგურა. მასპინძლებმა მე-9 წუთზე ანგარიში გახსნეს, გოლი ანდრეას სკოვ ოლსენის აქტივშია. მეორე გოლი 33-ე წუთზე უზბეკმა ელდორ შომუროდოვმა გაიტანა. მესამე გოლი 53-ე წუთზე დეივი ზელკემ პენალტიდან შეაგდო. 65-ე წუთზე შომუროდოვმა დუბლი შეასრულა.
მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ნური შაჰინმა, საბა ხარებაშვილი სასტარტო შემადგენლობაში პირველად ათამაშა, არ შეუცვლია, საბამ 90 წუთი გაატარა მინდორზე.
საწყის ხუთ ტურში „ბაშაქშეჰირის“ ძირითად შემადგენლობაში მარცხენა მცველად კრისტოფერ ოპერი თამაშობდა, თუმცა ამჯერად შაჰინმა კოტ-დივუარის ნაკრების მცველი სათადარიგოთა სკამზე დასვა, სასტარტოდან 18 წლის ქართველ ტალანტს დააწყებინა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დიდ გამოცდილებას იძენს.
მე-4 ტურში „ბაშაქშეჰირი“ შინ „გალათასარაისთან“ 2:3 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩში შედგა საბას ოფიციალური დებიუტი თურქულ კლუბში, მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, კრისტოფერ ოპერი შეცვალა.
ხარებაშვილი გალათასარაის წინააღმდეგ
ნური შაჰინის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში „ქოჯაელს“ 2:0 სძლია, მას შემდეგ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და დღეს ეს წარუმატებელი სერია შეწყვიტა.