კლუბში კუმანის პოზიციები შეირყა - ნიდერლანდელს დაითხოვენ?
Aa
Aa

კლუბში კუმანის პოზიციები შეირყა - ნიდერლანდელს დაითხოვენ?

„ბარსელონამ“ ლა ლიგის ბოლო 3 ტურში 5 ქულა დაკარგა და ჩემპიონობის შანსები თეორიულამდე შეიმცირა. სულ რაღაც 2 კვირის წინ ყველაფერი რონალდ კუმანის გუნდის ხელში იყო, თუმცა „ბარსამ“ ის არასტაბილურობა და სუსტი ხასიათი გამოავლინა, რომელიც მთელი სეზონი თან სდევდათ.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო წერს, რომ გუნდში კუმანის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ნიდერლანდელი შესაძლოა სეზონის ბოლოს დაითხოვონ.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ კუმანი მატჩებს შესაბამისი პასუხისმგებლობით არ უდგება და არაადეკვატურობას ავლენს. ამასთან ერთად, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მნიშვნელოვანი მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა წააგო.

გარდა ამისა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ლაპორტა მესის, ალბასა და პიკეს ცალკე შეხვდა. მათი საუბარი კუმანის გარეშე შედგა და სავარაუდოდ გუნდის სამომავლო გეგმებს ეხებოდა.

ლაპორტამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კუმანს მხარს უჭერდა, თუმცა მწვრთნელის მომავალი გუნდის შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებული. „ბარსამ“ კი ხელსაყრელი სიტუაციიდან ლა ლიგისთვის ბრძოლა პრაქტიკულად უკვე დათმო, რასაც შესაძლოა მწვრთნელი შეეწიროს.

კატალონიელთა სავარაუდო ახალ მთავარ მწვრთნელად კვლავ ჩავი ერნანდესი სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები