Aa
Aa

"სუპერ ლიგაზე უკვე პლეი-ოფი დაიწყო" - ხუმრობა და მთავარი ამბები | რა ვიცით ამ დრომდე

„ევროპის სუპერ ლიგაზე“ უკვე პლეი-ოფის ეტაპი დაიწყო“, - ბოლო საათების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხუმრობა საფეხბურთო სამყაროში, რომელიც მას შემდეგ გააქტუალურდა, რაც რამდენიმე კლუბის ტურნირიდან გამოყოფის სურვილის შესახებ გახდა ცნობილი.

BBC-ისა და Sky Sports-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ და „სიტი“ იყვნენ პირველი კლუბები, რომლებმაც „სუპერ ლიგიდან“ გასვლისთვის დოკუმენტაციის მომზადება დაიწყეს. ლონდონელთა გულშემატკივრებმა გუშინ საღამოს კლუბის ბაზასთან მოაწყეს აქცია, რომლის დროსაც მათთან პიოტრ ჩეხი მივიდა და „არისტოკრატთა“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება შეატყობინა. ბრიტანული პრესა რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც რომან აბრამოვიჩს კლუბის „სუპერ ლიგიდან“ მოხსნა ურჩია, რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმირ პუტინი გახლდათ.

სავარაუდოდ, სწორედ „სუპერ ლიგის“ თემაზე უთანხმოების შედეგია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფუნქციონერის - ედ ვუდვარდის გადადგომის შესახებ განცხადებაც. გავრცელებული ინფორმაციით, იგი „წითელ ეშმაკებს“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ვუდვარდი კლუბის სისტემაში 2005 წლიდან მუშაობს, 2013 წლიდან კი საერთოდ დირექტორთა საბჭოს უმაღლესი თანამდებობა - აღმასრულებელი დირექტორის პოსტი უკავია.

ბრიტანული ტაბლოიდები გვარწმუნებენ, რომ „სუპერ ლიგიდან“ გასვლის საქმეზე უკვე ყველა ინგლისური კლუბი მუშაობს - „ტოტენჰემის“, „სიტის“, „არსენალის“, „იუნაიტედის“, „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ იურისტები მთავარ დეტალებს განიხილავენ, რათა ტურნირიდან განაცხადი მაქსიმალურად ნაკლები ფინანსური დანაკარგით მოხსნან. როგორც ვიცით, „სუპერ ლიგის“ წესდების თანახმად, თუკი კლუბი ლიგის დატოვებას განიზრახავს, ფულადი ჯარიმა ეკისრება. კატალონიური პრესა წერს, რომ ერთადერთი კლუბი, რომელსაც „სუპერ ლიგასთან“ მსგავსი ტიპის კონტრაქტი არ ჰქონდა გაფორმებული და ფინანსური სანქცია არ დაეკისრება, „ბარსელონაა“.

„სიტიმ“ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადებაც, რომლითაც „სუპერ ლიგიდან“ გასვლის შესახებ მზადება საჯაროდ დაადასტურა. სწორედ „სიტისა“ და „ჩელსის“ გადაწყვეტილება მოიწონა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა - ბორის ჯონსონმა, რომელიც ფაქტს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ გადაწყვეტილება, თუკი ეს დადასტურდა, აბსოლუტურად მართებულია და ამისთვის ჩემი შექება მათ. იმედი მაქვს, მათ გზას სხვა კლუბებიც დაადგებიან“.

რამდენიმე წამყვანი ევროპული გამოცემა იმასაც წერს, რომ ტურნირიდან გასვლის იდეაზე უკვე 12-ვე დამფუძნებელი კლუბი მუშაობს. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ვითარებას მაინც მშვიდად აფასებს ფლორენტინო პერესი, რომელიც ტურნირის სამომავლო წარმატებულობაში დარწმუნებულია.

„ჩელსისა“ და „სიტის“ მიერ ტურნირის დატოვებასთან დაკავშირებული სურვილის გამო არ ვღელავ. არსებობს კონტრაქტი, რომელზეც ხელი ყველა კლუბმა მოაწერა და აიღო ვალდებულება, რომ პროექტზე მუშაობა გააგრძელოს. ჩვენ ზეწოლას არავისზე ვახდენთ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ „სუპერ ლიგას“ პსჟ და „ბაიერნიც“ შემოუერთდებიან, თუმცა მათ წარმომადგენლებთან ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია.

„სუპერ ლიგასთან“ კავშირი „ლანსის“ მასშტაბის გუნდებსაც ექნებათ და შეეძლებათ, თავიანთი ფეხბურთელები საუკეთესო კლუბებს მიჰყიდონ. ეს ზუსტად ისაა, რასაც დღესდღეობით, კრიზისის გამო ვერ აკეთებენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო შექმნილ ვითარებას ჰგავს“.

პერესის განცხადებიდან რამდენიმე საათში „სუპერ ლიგამ“ გამოაქვეყნა ოფიციალური მიმართვა, რომლითაც გათამაშების კონცეფციის ცვლილებაზე მიანიშნეს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპულ ფეხბურთში ამჟამად არსებული სტატუს-კვო შეცვლას საჭიროებს. გთავაზობთ ახალ ევროპულ გათამაშებას, რადგან ახლანდელი ტურნირები სათანადოდ კარგი არაა. ჩვენი წინადადება მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებასა და საფეხბურთო პირამიდის სტაბილურობისთვის ფინანსური სახსრების მოძიებას, რათა პანდემიის შედეგად არსებულ რთულ ვითარებას თავი დააღწიონ.

მათზე ზეწოლის გამო, ინგლისური კლუბები იძულებულნი გახდნენ, ეს გადაწყვეტილება მიეღოთ. ამის მიუხედავად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი წამოწყება ევროპულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს სრულად შეესაბამება.

არსებული მოცემულობის ფონზე, ჩვენ ხელახლა განვიხილავთ საკითხს და ყველაზე უფრო შესაფერის ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა ტურნირის პროექტის სწორი გზით ფორმირება მოხდეს. მიზანი იგივეა - გულშემატკივარს უნდა შევთავაზოთ საუკეთესო სანახაობა და გამოვიმუშავოთ ფინანსები სოლიდარულობის გადასახადებისთვის, რომელიც საფეხბურთო საზოგადოებისკენ იქნება მიმართული“.

ტურნირის იდეაში პერესის მთავარი მოკავშირე, „სუპერ ლიგის“ ვიცე-პრეზიდენტი - ანდრეა ანიელი, შესაძლოა, „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს. ამის შესახებ სრულიად იტალიური პრესა იუწყება. ანიელიმ La Repubblica-სთან საუბრისას, გუშინ საღამოს, აღნიშნა, რომ ლიგის შექმნის პროცესი გრძელდება და ამ პროექტს წარმატებულობის 100%-იანი გარანტია აქვს.

„ბიანკონერის“ პირველი პირი გუშინ საღამოს გამართულ სერია A-ს კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრასაც ესწრებოდა. იტალიურ კლუბთა აბსოლუტური უმრავლესობა „სუპერ ლიგის“ კატეგორიული წინააღმდეგია, რასაც, ცხადია, ანიელი არ ეთანხმება და შეხვედრაზე რამდენიმე საკმაოდ უსიამოვნო დიალოგიც შედგა.

ანიელის „იუვეს“ პრეზიდენტის პოსტიდან შესაძლო გადადგომა ტურინული გრანდის „სუპერ ლიგიდან“ გასვლას არ ნიშნავს, რადგან კლუბის აქციები ყველა ვარიანტში მისი ოჯახის მფლობელობაში რჩება.

საპირისპირო ვითარებაა „მილანისა“ და „ინტერის“ შემთხვევაში, აპენინური გამოცემები აღნიშნავენ, რომ მილანური გრანდები ასევე ლიგიდან გასვლაზე მუშაობენ. „მიმდინარე მოვლენების შემდეგ, „ინტერისთვის“ „სუპერ ლიგა“ საინტერესო აღარაა“, - ასეთია football-italia-ზე გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი.

მეორე მხრივ, The Athletic-ის ცნობით, „მილანი“ იტალიური ტრიოდან პირველი იყო, რომელის მიმდინარე მოვლენებმა შეაშფოთა და ლიგიდან გასვლაზე დაფიქრდა.

„მილანისა“ და „ინტერის“ მსგავსად, „სუპერ ლიგიდან“ გასვლაზე მუშაობს მადრიდის „ატლეტიკოც“, რომლის იურისტები ინტენსიურ რეჟიმში მოქმედებენ, რათა პანდემიისგან ისედაც საკმაოდ დაზარალებულმა „როხიბლანკომ“ კიდევ უფრო დიდი ზარალი არ მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები