ბაიერნი ფლიკის გადაწყვეტილებას არ იწონებს - მოლაპარაკებები გაგრძელდება
Aa
Aa

ბაიერნი ფლიკის გადაწყვეტილებას არ იწონებს - მოლაპარაკებები გაგრძელდება

მიუნხენის „ბაიერნმა“ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების თაობაზე განცხადება გაავრცელა.

„ვოლფსბურგთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ, ფლიკმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება გერმანიის ნაკრებში მუშაობის დაწყების გამო მიიღო.

ბაიერნი ფლიკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დანებებას არ გეგმავს

„ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ის გუნდს დატოვებდა. მისი ხელშეკრულება ძალაში 2023 წლის ივნისამდეა.

ჰანსი ფლიკმა კლუბის აღმასრულებელ საბჭოს ამის შესახებ გასულ კვირაში აცნობა. კლუბი და ფლიკი შეთანხმდნენ, რომ აქცენტი უახლოეს 3 მატჩზე გაკეთდება, რათა გუნდის კონცენტრაცია არ დაირღვეს.

მიუნხენის ბაიერნი არ ეთანხმება ჰანსი ფლიკის ცალმხრივ გადაწყვეტილებას და მაინცთან მატჩის შემდეგ, მოლაპარაკებებს გააგრძელებს“. - ვკითხულობთ „ბაიერნის“ განცხადებაში.

როგორც ჩანს, „რეკორდმაისტერი“ ფლიკის ასე მარტივად გაშვებას არ გეგმავს.

რა თქვა ფლიკმა ვოლფსბურგთან მატჩის შემდეგ

„სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტს გავწყვეტ. მინდოდა, რომ ეს ამბავი გუნდს ჩემგან გაეგო, რადგან არსებობენ გამოცემები, რომლებიც ამ საკითხზე ჩემგან დამოუკიდებლად წერენ“.

ვინ მოიაზრება ფლიკის შემცვლელად

გერმანულ პრესაში უკვე გაიჟღერა მასიმილიანო ალეგრისა და იულიან ნაგელსმანის გვარებმა, თუმცა ყველაფერი „ბაიერნზეა“ დამოკიდებული - რას გადაწყვეტს კლუბი ფლიკთან მიმართებით. ამას მალე გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები