Aa Aa
15 აპრილი 2021  |  19:43

ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე - რეალი შესაძლოა გადაიწვას

„ელ კლასიკოს“ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ზინედინ ზიდანმა ასეთი რამ თქვა: „ახლა უნდა დავისვენოთ. ორი რთული მატჩი გვქონდა. არ ვიცი როგორ დავასრულებთ სეზონს. ჩვენ ფიზიკურად ზღვარზე ვიმყოფებით“. – „ზიზუმ“ ამით ყევლაფერი თქვა და ფაქტობრივად განგაშის ზარებს შემოჰკრა.

„რეალი“ უკვე დიდი ხანია იდენტური თერთმეტეულით ასპარეზობს. მართალია გუნდის შედეგები ძალიან კარგია, მაგრამ როგორც თავად ზიდანმა აღნიშნა, ფეხურთელები ფიზიკური შესაძლებლობების ლიმიტზე არიან, რაც დიდი რისკის შემცველია და ხშირ შემთხვევაში ტრავმებით სრულდება.

მადრიდელებს ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავთ და ეს ზიდანს დამატებით პრობლემას უქმნის. ისკოს, მარიანოსა და როდრიგოს ფრანგი სპეციალისტი ნაკლებად ენდობა, რაც ძირითადში მყოფ ფეხბურთელებს დატვირთვას კიდევ უფრო უზრდის.

ზიდანმა მოითხოვა, რომ მისთვის მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცათ. სეზონის დასრულებამდე 41 დღე რჩება და „რეალი“ ბეწვის ხიდზე გადის. „ზიზუს“ ფეხბურთელებისთვის ვალდებულებების სწორად გადანაწილება მოუწევს, რადგან საგანგაშო ნიშნები უკვე ვიხილეთ. „ელ კლასიკოში“ ნაადრევად მოედანი ფედე ვალვერდემ დატოვა. „ლივერპულთან“ მწვრთნელს კროოსისა და ვინისიუსის შეცვლა მოუხდა.

ლუკას ვასკესის ტრავმის შესახებ ყველას მოეხსენება. ესპანელმა შესაძლოა საერთოდ ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს.

„რეალს“ 6 დღიან ინტერვალში 3 მატჩის გამართვა უწევს -  „ხეტაფესთან“ (სტუმრად), „კადისთან“ (სტუმრად) და „ბეტისთან“ (შინ). გადატვირთული კალენდარი ზიდანს ფეხბურთელების დასვენების საშუალებას არ აძლევს, თუმცა „ზიზუ“ როტაციას გეგმავს და ამბობს, რომ მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების ეიმედება და ისინი შანსს მიიღებენ.

ზიდანმა „ელ კლასიკოში“ ყველას დაანახა, რომ მისთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაა. ბენზემას, კროოსისა და ვინისიუსის შეცვლის შემდეგ ამაში ყველა დარწმუნდა. ბოლო დროს „ბარსელონასთან“ მადრიდელები მსგავსად არასდროს მოქცეულან, თუმცა ზიდანი განსაკუთრებულია და მგონი ეს ფრანგმა არაერთხელ დაამტკიცა.

ესპანური Marca წერს, რომ მოდრიჩი, კროოსი და ვინისიუსი ამჟამინდელი დატვირთვების ფონზე ტრავმის ზღვარზე იმყოფებიან. კროოსი ზიდანმა „ლივეპრულთანაც“ შეცვალა და ალბათ გერმანელს „ხეტაფესთან“ მატჩში არ უნდა ველოდოთ.

იგივე ითქმის ვალვერდეს შემთხვევაშიც, რომელმაც „მერსისაიდელებთან“ საერთოდ ტრავმით ითამაშა. ფედეს მეგობარმა გოგომ მინა ბონინომ მატჩიდან რამდენიმე საათის შემდეგ სოციალურ ქსელში ვალვერდეს ფეხის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შეხვედრამდე იყო გადაღებული და არც ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა.

წყარო აღნიშნავს, რომ 35 წლის მოდრიჩი 4000 წუთს უახლოვდება. ხორვატი ძალიან ბევრს თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ის დღემდე ეროვნული ნაკრების წევრად რჩება და იქაც შეუცვლელად ასპარეზობს.

მოდრიჩს ჯამში 40 მატჩი აქვს უკვე გამართული. ვინისიუსსა და კროოსს 39. 37 მატჩი ითამაშა კაზემირომ, მენდიმ ვარანმა და ბენზემამ ასევე 37, კურტუამ კი 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ზიდანი უახლოეს 3 შეხვედრაში როტაციას მიმართავს და გუნდს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლა ლიგისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და მადრიდელებმა „ჩელსისთან“ ნახევარფინალამდე ხსენებული სამი მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში