დორტმუნდი VS მანჩესტერ სიტი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

დორტმუნდი VS მანჩესტერ სიტი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები დასრულდა. „დორტმუნდის ბორუსიამ“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. „ქალაქელებმა“ პირველი შეხვედრაც ამ ანგარიშით მოიგეს და ორი მატჩის ჯამში 4:2 დაფიქსირდა. დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა მხრიდან გოლი ბელინგემმა გაიტანა, ხოლო სტუმართა მხრიდან თავი მარეზმა და ფოდენმა გამოიჩინეს.

საინტერესო ფაქტები

ფილ ფოდენი გახდა ისტორიაში მე-2 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ორივე დაპირისპირებაში გაიტანა გოლი. ახალგაზრდა შემტევმა ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში მოახერხა. რეკორდი კი კილიან მბაპეს ეკუთვნის. ფრანგმა ვარსკვლავმა მსგავსი რამ 18 წლის ასაკში შეძლო.

პეპ გუარდოლა კარიერის განმავლობაში მერვედ გავიდა ნახევარფინალში და ამ შედეგით ჟოზე მოურინიოს დაეწია.

ბელინგემი გახდა მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაიტანა. „დორტმუნდის“ შემტევმა „სიტის“ კარი 17 წლის და 289 დღის ასაკში აიღო. რეკორდი კი ბოიან კრკიჩის არის. ესპანელმა ფეხბურთელმა ლიგის პლეი ოფში გოლი 17 წლის და 217 დღის ასაკში გაიტანა.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის შემდეგ?

„განსაკუთრებული გრძნობაა. „სიტისთან“ ერთად ნახევარფინალში მეორედ გავედი. ამ გუნდს დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ ჩვენ ერთად დავწერთ ახალ ისტორიას.

ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.  ჩვენ მსოფლიოს 4 საუკეთესო გუნდში მოვხვდით. პირველი და მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთი ჩემმა გუნდმა საოცრად ითამაშა.

ფოდენი გატანილი გოლის შემდეგ ჩემთან გამოიქცა. მე მას ვუთხარი, რომ კარგი დარტყმა იყო და მადლობა გადავუხადე. ფილი ჩემთან ჩახუტებით მთელ გუნდს ჩაეხუტა. სასწაულია ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დღეს ღამე გამარჯვებას აღვნიშნავთ, ხოლო შემდეგ დავისვენებთ და ძალებს აღვიდგენთ."

რა თქვა ტერზიჩმა მატჩის შემდეგ?

„ერთი რამ არ მესმის მხოლოდ. ყოველ წელს მსაჯებს სპეციალურად ამზადებენ და საჭირო ვარჯიშებს უტარებენ. რატომ მოსდით მათ ასეთი შეცდომები? ბოლო 7 დღის განმავლობაში მსაჯის გადაწყვეტილებებში ძალიან არ გაგვიმართლა.”

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები