Aa Aa
5 მარტი 2021  |  21:59

Crystalbet ეროვნული ლიგა - დინამომ ტორპედო დაამარცხა, აჭარული დერბი ფრედ დასრულდა

Crystalbet ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობაზე უდიდესი გავლენა იმერელთა მეკარის, დინო ჰამზიჩის მიერ მიღებულმა წითელმა ბარათმა იქონია. ეს უკანასკნელი მოედნიდან მე-15 წუთზე გააძევეს და „დინამომ“ რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა.

თბილისელებმა ანგარიში მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე გახსნეს. მილან რადინის ბრწყინვალე თამაშისა და გამოზომილი გადაცემის შემდეგ, „ტორპედოს“ კარი თორნიკე ახვლედიანმა დალაშქრა. 70-ე წუთზე, „დინამოს“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. გაგნიძის კუთხურის შემდეგ თავი ბენიომ გამოიჩინა და თბილისელებს კომფორტული ჰანდიკაპის მატჩის ბოლომდე შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

„ტორპედოსა“ და „დინამოს“ ჯახის პარალელურად, აჭარული დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და „შუქურა დაუპირისპირდნენ. გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ 3 ქულა მაინც ვერ აიღო. ბათუმელები 43-ე წუთზე, ჯიღაურის გოლით  დაწინაურდნენ, „შუქურამ“ კი წონასწორობა 83-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას ბურთით აღადგინა.

მეორე ტურის სამი მატჩის შემდეგ, Crystalbet ეროვნულ ლიგას გორის „დილა“ ლიდერობს, რომელსაც 6 ქულა აქვს. თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“ 4-4 ქულით მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ. „ტორპედო“ ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო „შუქურამ“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

ფოტო - თბილისის დინამოს ფეისბუქ გვერდი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში